კიბერუსაფრთხოება

სილქნეტი: სავარაუდოდ, 2000-მდე პიროვნების მაიდენტიფიცირებელმა მონაცემებმა გაჟონა

http://silknet.com

სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტის განცხადებით, სავარაუდოდ, 2000-მდე პიროვნების მონაცემების გაჟონვის ფაქტის შემდეგ, არ მომხდარა აბონენტთა ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების ინფორმაციის გავრცელება. 

"კომპანია სილქნეტში მომხმარებელთა მცირე ჯგუფის (სავარაუდოდ 2000-მდე) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება.

სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან, “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, და მასთან ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს" - წერია სილქნეტის განცხადებაში. 

19 მარტს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანიიდან არალეგალური გზით ინტერნეტში დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა, საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე. 

 

კომენტარები