კიბერუსაფრთხოება

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ჩინეთს Microsoft-ის სერვერებზე მასშტაბურ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ. ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც შეტევა ჩინეთის ტერიტორიიდან მოხდა, პირველმა ევროკავშირმა გაავრცელა. დიდი ბრიტანეთის თანახმად, კიბერშეტევის უკან სამთავრობო აქტორები დგანან.

დასავლური მხარის თანახმად, კიბერშეტევის გარდა ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო სხვა ჯაშუშურ ქმედებებზეა პასუხისმგებელი.

დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ჩინეთის ქცევა და Microsoft-ის სერვერებზე კიბერთავდასხმა განსაკუთრებული სერიოზულობით გამოირჩევა.

დიდ ბრიტანეთში ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა 70-ზე მეტი დაზარებული კომპანიისთვის ზუსტად გაწერილი გზამკვლევები გამოსცა, რათა კომპანიებს კიბერშეტევის შედეგებთან გამკლავებაში დახმარებოდა.

"Microsoft-ის სერვერებზე ჩინეთის სამთავრობო ჯგუფების თავდასხმა იყო უპასუხისმგებლო, თუმცა ჩვეული ქცევა. ჩინეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სისტემატური კიბერსაბოტაჟი და ელოდოს, რომ თუ არ შეწყვეტს, პასუხის მოსთხოვენ". – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.

რუსეთის საგარეო სამინისტროს თქმით, სავარაუდოა, რომ კიბერშეტევამ ჯაშუშობისთვის ნიადაგი შეამზადა და შესაძლებელი გახდა ინტელექტუალურ საკუთრებასა და პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა. საგარეო სამინისტროს თანახმად, ჩინეთის ხელისუფლებამ უგულებელყო გაფრთხილებები, შეეწყვიტა უპასუხისმგებლო კამპანია და ამის ნაცვლად სამთავრობო აქტორებს შესაძლებლობა მისცა, თავიანთი შეტევების მასშტაბი გაეზარდათ. 

Microsoft-მა კიბერშეტევის შესახებ დეტალები მარტში გაასაჯაროვა და თქვა, რომ შეტევაზე პასუხისმგებელი ჯგუფი Hafnium-ი იყო, რომელიც ჩინეთთანაა დაკავშირებული. ჩინეთმა ბრალდება უარყო.

ევროკავშირის განცხადება საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელმა წარადგინა.

"Microsoft-ის სერვერების ექსპლუატაციამ საფრთხე შეუქმნა მსოფლიოში ათასობით კომპიუტერის და ქსელის უსაფრთხოებას, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებს და ევროკავშირის ინსტიტუტების სისტემებს. [შეტევამ] დიდი რაოდენობით ჰაკერებს მისცა წვდომა მონაცემებზე, რომლებიც ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას განაგრძობენ.

ამ უპასუხისმგებლო და სახიფათო ქცევის შედეგია უსაფრთხოების რისკები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიებისთვის. ჩანს, რომ შეტევას სისტემური ეფექტები ექნება ჩვენს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე". – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

კომენტარები