აშშ

ტრამპმა და ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებში ნომინაციისთვის საჭირო დელეგატები მოიპოვეს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც სამშაბათს მან ნომინაციისთვის საჭირო 1 215 დელეგატის მხარდაჭერა აიღო.

იგი 12 მარტის ჯორჯიის, მისისიპისა და ვაშინგტონის შტატის საპრეზიდენტო პრაიმერიზებში გამარჯვებით 1215-დელეგატიან ზღვარს გადასცდა და ამ დროისთვის 1241 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ტრამპი მზადაა, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია ოფიციალურად მიიღოს. ტრამპს საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკელთა ეროვნული ყრილობა ფორმალურად ივლისში გამოაცხადებს.

გამარჯვების შემდეგ, გვიან სამშაბათს, ტრამპმა მხარდამჭერებს ვიდეოთი მიმართა და განაცხადა, რომ ეს "გამარჯვების დიდი დღე" იყო და მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

"ახლა ჩვენ [2024 წლის არჩევნებში] უნდა გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა სერიოზულ გასაჭირშია". - თქვა ტრამპმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ამასთანავე, სამშაბათს დემოკრატიული პარტიის ნომინაცია მოიპოვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, მას შემდეგ, რაც მან 1968-დელეგატიანი ზღვარი გადალახა და ჯორჯიის, ვაშინგტონისა და მისისიპის პრაიმერიზებში გამარჯვების შედეგად ჯამში 2107 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.

მოგვიანებით ბაიდენმა მის მხარდამჭერებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ეს მისთვის "დიდი პატივია". ბაიდენმა დემოკრატების ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა მასში რწმენის ქონისთვის იმ დროს, როცა "ტრამპის საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა".

შესაბამისად, 2020-ის მსგავსად, ამ წლის არჩევნებშიც ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 237 დღე რჩება, რაც ნიშნავს, რომ ორივე პარტიის კანდიდატი საკმაოდ ხანგრძლივ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, რომელთაგანაც ორივე მათგანის გზა, თავის მხრივ, დაბრკოლებებით არის სავსე.

კომენტარები