დონალდ ტრამპი

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, ტრამპის იმუნიტეტის საკითხი განიხილოს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Justin Sullivan/Getty Images

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის საქმეზე საპრეზიდენტო იმუნიტეტის მინიჭების მოთხოვნაზე იმსჯელოს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის მოთხოვნის განხილვამდე 6 იანვრის კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სასამართლო პროცესი დროებით შეწყდება. მანამდე, ტრამპი მოსამართლეებს სასამართლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებდა, თუმცა, სურდა, რომ იმუნიტეტზე მისი მოთხოვნა მანამ არ განხილულიყო, სანამ იგი ქვედა ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო პროცესს არ ამოწურავდა. ეს პროცესი შესაძლოა თვეები გაგრძელებულიყო, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა ახლა გადაწყვიტა.

ტრამპის მხრიდან იმუნიტეტის მოთხოვნის განხილვას უზენაესი სასამართლო 22 აპრილს დაიწყებს და გადაწყვეტილება, არაუგვიანეს, ივნისში გახდება ცნობილი. აღნიშნულ საქმეზე ტრამპმა უზენაეს სასამართლოს 13 თებერვალს მიმართა.

6 თებერვალს აშშ-ში ვაშინგტონის ოლქის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის იმუნიტეტი აღნიშნულ საქმეზე არ ცნო.

ტრამპის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო სეზონის პიკში გრძელი კრიმინალური პროცესის წარმოება პრეზიდენტი ტრამპის წინააღმდეგ რადიკალურად შეუშლის ხელს პრეზიდენტი ტრამპის კამპანიას.

ტრამპს სისხლის სამართლის კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის, ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების სავარაუდო მცდელობებთან, თანამდებობის დატოვების შემდეგ გასაიდუმლოებული დოკუმენტების არასწორად გამოყენებასთან და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან გასაიდუმლოებულ ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებით.

კომენტარები