დონალდ ტრამპი

კოლორადოს სასამართლო: ტრამპი შტურმში იყო ჩართული, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია

კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია. მოსამართლე სარა უოლასის გადაწყვეტილებით, ტრამპს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

მოსამართლის თქმით, აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორება განმარტავს, რომ ამბოხებასა და აჯანყებაში მონაწილე პირებს არ შეუძლიათ გახდნენ სენატორები, კონგრესის ქვედა პალატის წევრები, ასევე არც პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ამომრჩევლები, თუმცა, შესწორებაში საუბარი არაა პრეზიდენტის თანამდებობაზე. შესაბამისად, უოლასის თქმით, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პრეზიდენტის ოფისზე. 

მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის "ქცევა და სიტყვები იყო კაპიტოლიუმის თავდასხმის ფაქტობრივი მიზეზი და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი". მისივე თქმით, ტრამპი 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმაში მონაწილეობდა მისი წაქეზების გზით. 

ტრამპის ადვოკატებმა თქვეს, რომ აშშ-ს ექსპრეზიდენტს არ ჰქონია ურთიერთობა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თავდასხმაში და რომ თავდასხმამდე ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებს სიტყვის თავისუფლების უფლება უმაგრებდა ზურგს.

კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შტატის უზენაეს სასამართლოში და საბოლოოდ აშშ-ს უზენაეს სასამართლოში.

აქამდე, მინესოტასა და მიჩიგანის მოსამართლეებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს და თქვეს, რომ ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. 


2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, რის შედეგადაც ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ. 

კომენტარები