რუსეთი

რუსეთის დუმამ კანონი მიიღო, რომელიც ე.წ. უცხოური აგენტების რეკლამას კრძალავს

RBC

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს ე.წ. უცხოურ აგენტებად გამოცხადებული ორგანიზაციებისა და პირების ნებისმიერ საინფორმაციო რესურსზე რეკლამის განთავსებას სრულად უკრძალავს. ახალი კანონის ფარგლებში ე.წ. უცხოური აგენტების  რეკლამირებაც იკრძალება. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, ТАСС წერს

კანონპროექტი, რომელიც "რეკლამის შესახებ" კანონს დაემატება, დუმაში პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით 395 დეპუტატმა წარადგინა. 

ვოლოდინის თქმით, დაუშვებელია, რომ რეკლამებიდან შემოსავალს იღებენ ე.წ. უცხოელი აგენტები, რომლებიც "არ მალავენ, რომ თანხებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სწირავენ". მანვე განმარტა, რომ ე.წ. უცხოური აგენტების საინფორმაციო რესურსებზე რეკლამირების აკრძალვა "ნებისმიერ პლატფორმას - საიტებს, ბლოგებს, სოციალურ ქსელებს" შეეხება. 

კანონის თანახმად,  წესის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირებად რეკლამის განმთავსებელი და მისი გამავრცელებელი მიიჩნევიან. 

კანონდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესი მოქალაქეებისთვის 50 000 რუბლამდე ჯარიმას, ხოლო იუირიდიული პირებისთვის - 500 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს. თუ პირი კანონს ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული წესის ორჯერ დარღვევის შემდეგ დაარღვევს, მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები