ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

ხაზარაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე: სტრასბურგმა ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო

პრაიმტაიმი

სტრასბურგის სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო, ინფორმაციას ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.

"სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო.

ბიძინა! მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის".  - წერს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განმარტებით, ლელოს წევრებმა სტრასბურგის სასამართლოს 24 თებერვალს მიმართეს, რის შემდეგაც საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი და უკვე გადასულია განხილვის ეტაპზე.

"ჩვენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ორი დღის წინ მივმართეთ იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც დამდგარი იყო ბატონ მამუკასთან და ბატონ ბადრისთან დაკავშირებით. მივმართეთ 3 მუხლით - ადამიანთა უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის და მე-18 მუხლის დარღვევა. მე-6 მუხლი ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, მე-7 მუხლი არის არავითარი სასჯელი კანონის გარეშე და მე-18 მუხლი ეს იყო პოლიტიკური დევნა, რომელიც ჩვენ მიგვაჩნდა რომ განხორციელდა ამ განაჩენით. სამივე მუხლთან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლომ დასვა კითხვები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ძალიან იშვიათად მოკლე დროში მოხდა საქმის წარმოებაში მიღება. საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი და შესაბამისად, გადასულია უკვე განხილვის ეტაპზე." - თქვა კორძაძემ.

2022 წლის 12 იანვარს ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულების გამო ისინი არ დააპატიმრეს. მოსამართლემ სამივე მათგანს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ ამომწურავად ილაპარაკა საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო დეტალებზე. მათ შორის საუბარი იყო ე.წ მუქარის წერილზე, რომელიც მან მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მოგვიანებით, 2021 წლის 10 ივნისს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში თავად გადასცა ბადრი ჯაფარიძეს. 

წერილის გარდა 2019 წლის მარტში საპარლამენტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ საქმის ირგვლივ არსებულ სხვა დეტალებზეც ისაუბრა, მათ შორის სების პრეზიდენტის, კობა ნაყოფიასგან შანტაჟის ენის გამოყენებაზე, 4 უწყების მხრიდან TBC ბანკზე კოორდინირებულ შეტევაზე, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გამოუძიებელი კიბერშეტევა და კონფიდენციალურობისა და უდანაშაულოს პრეზუმფციის პრინციპების დარღვევაზე. 

სწორედ ამ გამოძიების ფონზე, 2019 წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლისა და პარტია ლელოს დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ორ არჩევნებში. 

კომენტარები