ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

TBC-ის ბრიტანელი აქციონერი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამო $40 მილიონის ანაზღაურებას ითხოვს

ლელო

TBC-ის ბრიტანელმა აქციონერმა, იან მალქოლმ ჰოქმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს მიმართა. ჰოქის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ მათ ბანკი თითქმის $40 მილიონით აზარალეს. მალქოლმ ჰოქი შესაბამისი პროცედურების დაწყებასა და ამ თანხის სრულად ანაზღაურებას ითხოვს.

"მინდა დავიჯერო, რომ ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა ოპერატიულად გამოეხმაურება ჩემს მიმართვას, დაიცავს ბანკისა და მისი აქციონერების შელახულ ინტერესებს და აანაზღაურებინებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს TBC ბანკისთვის მიყენებულ 40 მილიონი დოლარის ზარალს, რაც საუკეთესო პირობა იქნება მომავალში ასეთი პრეცედენტების გამოსარიცხად.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩემს ამ მიმართვას სხვა აქციონერებიც შემოუერთდებიან, რათა TBC ბანკისადმი ნდობა კიდევ უფრო გამყარდეს". – ნათქვამია იან მალქოლმ ჰოქის განცხადებაში.

ჰოქი აღნიშნავს, რომ მის ინტერესებს საქართველოში ადვოკატი დიმიტრი ტორაძე დაიცავს და მისი "შემდგომი ნაბიჯები იქნება ღია, გამჭვირვალე და დამოკიდებული  ბანკის ხელმძღვანელობის ქმედებებზე".

იან მალქოლმ ჰოქის განცხადების შესახებ 18 თებერვალს პრესკონფერენცია გამართა ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ. მისი განმარტებით, მოთხოვნა ბანკს მიემართება და არა კონკრეტულ პირებს. ადვოკატმა ასევე არ უპასუხა კითხვებს, თუ როდიდანაა ჰოქი TBC-ის აქციების მფლობელი და აქციების რა ნაწილს ფლობს იგი.

"მე როგორც ვიცი, მას პირველივე განცხადებისთანავე დაუკავშირდნენ სხვა აქციონერები. ჯერჯერობით, ვართ კონსულტაციის რეჟიმში და ამ კონსულტაციების თემაა, რომ აქციონერთა ინტერესები და, პირველ რიგში, სააქციო საზოგადოება TBC ბანკის ინტერესები როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული კუთხით, იქნას დაცული". – თქვა ტორაძემ.

ადვოკატის განმარტებით, მალქოლმ ჰოქი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, TBC ბანკს უკვე დაწყებული ჰქონდეს გარკვეული პროცედურები და მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად სააქციო საზოგადოებას მიმართავს.


12 იანვარს ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ ამომწურავად ილაპარაკა საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო დეტალებზე. მათ შორის საუბარი იყო ე.წ მუქარის წერილზე, რომელიც მან მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მოგვიანებით, 2021 წლის 10 ივნისს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში თავად გადასცა ბადრი ჯაფარიძეს. 

წერილის გარდა 2019 წლის მარტში საპარლამენტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ საქმის ირგვლივ არსებულ სხვა დეტალებზეც ისაუბრა, მათ შორის სებ-ის პრეზიდენტისგან შანტაჟის ენის გამოყენებაზე, 4 უწყების მხრიდან TBC ბანკზე კოორდინირებულ შეტევაზე, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გამოუძიებელი კიბერშეტევა და კონფიდენციალურობისა და უდანაშაულოს პრეზუმფციის პრინციპების დარღვევაზე. 

სწორედ ამ გამოძიების ფონზე, 2019 წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლისა და პარტია ლელოს დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ორ არჩევნებში. 

კომენტარები