ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

ჯაფარიძე: ჩვენს წინააღმდეგ საქმე თავისი აბსურდულობით სახელმძღვანელოებშია შესაყვანი

ლელო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს საქმე, თავისი შინაარსით გამოირჩევა აბსურდულობით და უსუნდისობით გამოირჩევა. 

"პროკურატურის მოთხოვნა მართლაც არის გაუგებარი. მოითხოვეს გადადება, ვითომდაც არ იყვნენ მზად რეპლიკა გაეკეთებინათ იმასთან დაკავშირებით, რაც მოისმინეთ ყველამ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს საქმე თავისი აბსურდულობით შეყვანილი უნდა იქნას სახელმძღვანელოებში, თუ როგორ შეიძლება გააყალბო საქმე, როგორ შეიძლება ადამიანები დევნო პოლიტიკური დავალებით. ადამიანები, რომლებმაც ზიანი მიიღეს რუსეთის არმიის შემოჭრის გამო. ჩვენ, ამ შემთხვევაში, იმ სესხის გამო, რასაც გვედავებიან, დავკარგეთ ქონების დიდი ნაწილი. ამიტომ, ეს საქმე თავისი შინაარსით მართლა გამორჩეული აბსურდულობით, უსინდისობით გამოირჩევა". – თქვა ჯაფარიძემ

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

კომენტარები