ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

რატომ ვერ კვალიფიცირდება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ფულის გათეთრებად – ომბუდსმენის პოზიცია

TBC ბანკის დამფუძნებლებისა და ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დასკვნითი სასასამართლო სხდომის პარალელურად, სახალხო დამცველმა საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ გასული წლის 9 იანვარს მათ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინეს. 

ომბუდსმენის ცნობით, დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების), დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ელემენტებს. 

"სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრების მოსაზრებაში განიხილავს, თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული, რა სპეციალური წინაპირობები, სქემა და მიზანი ესაჭიროება ამ დანაშაულის ჩადენას და რატომ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა მისი ავტონომიური შინაარსის მიხედვით. სამართლებრივი ანალიზის შემდეგ სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს კონკრეტული ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს". – წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, ფულის გათეთრების დანაშაულის კონვენციური შინაარსიდან გამომდინარე დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მათ შორის პრედიკატული დანაშაულის ჩადენაზე, რაც განიმარტება შემდეგნაირად, რომ ფულის გათეთრებისთვის აუცილებელია, არსებობდეს დანაშაული, რომლითაც პირმა "შავი ფული" მოიპოვა. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ საქმეში მსგავსი დანაშაულის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. 

ასევე განხილულია უკანონო ლეგალიზაციის სქემაც. ომბუდსმენის ცნობით, ფულის გათეთრების სქემა, ზოგადად, სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად თანხა ბანკის სხვადასხვა ანგარიშზე განთავსდება, შემდეგ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა ამ თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, საბოლოოდ კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება. საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად და არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები. 

ბოლო საკითხი, რომელსაც სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განიხილავს, უკანონო ლეგალიზაციის მიზანს ეხება. ზოგადად, ომბუდსმენის შეფასებით, ფულის გათეთრების მიზანს წარმოადგენს წინასწარ, უკანონოდ დანაშაულებრივად მიღებული და წვრილმანი ტრანზაქციების მეშვეობით კანონიერად შენიღბული ფულის უკან დაბრუნება ლეგალურ ანგარიშზე. საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის ბრალდებულთა ანგარიშზე დაბრუნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნება. 

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება დაეხმარება სასამართლოს საქმის სამართლიან შეფასებასა და ფულის გათეთრების დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებაში. 

16 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა იმართება. 


TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

კომენტარები