ჩრდილოეთ კორეა-რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომანქანა აჩუქა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში. 2023 წლის 13 სექტემბერი
Sputnik/Artem Geodakyan/Pool via REUTERS/File Photo

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან საჩუქრად რუსული წარმოების ავტომანქანა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოკორეული სააგენტო KCNA ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, რუსული წარმოების მანქანა ჩრდილოკორეულ მხარეს 18 თებერვალს გადასცეს. გარდა ამისა, როგორც KCNA წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ "პუტინისადმი კიმ ჩენ ინის მადლიერება თავაზიანად გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი უმაღლეს ლიდერებს შორის განსაკუთრებული პირადი ურთიერთობების აშკარა დემონსტრირებას ემსახურება".

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობას და ორივე ქვეყანას მოუწოდებენ, დაემორჩილონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

"ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უშიშროების საბჭოს სანქციები კრძალავს პირდაპირ ან ირიბად მიწოდებას, გაყიდვას ან გადაადგილებას ყველა სატრანსპორტო საშუალების, რომელთა საერთაშორისო კოდი HS Code 86-დან 89-მდეა, მიუხედავად მათი წარმოშობისა, ძვირადღირებული მანქანების ჩათვლით". - თქვა სამხრეთ კორეის სამინისტროს სპიკერმა ლიმ სო-სუკმა მედიის წარმომადგენლებთან ბრიფინგზე. 

გარდა ამისა, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-სთან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა Aurus-ის ტიპის ავტომანქანა მიიღო. იმავე მოდელის მანქანა ემსახურება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც. 

ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად რაკეტებს აწვდის. კრემლი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა ცალსახად უსვამს ხაზს, რომ რუსეთს მსგავსი ტიპის შეიარაღებას არ აწვდის. 

კომენტარები