რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

МВД-ს ძებნილების სიაში უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელთა შორის ყველაზე მეტი ქართველია

ქართველი მოხალისე უკრაინაში, ბახმუტის მახლობლად, 2023 წლის 30 მაისი
Yevhenii Zavhorodnii/REUTERS

საგამოძიებო პროექტმა Медиазона-მ გამოაქვეყნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სია. მონაცემები მათ რუსეთის შსს-ს ვებგვერდიდან მოიპოვეს. ჩამონათვალში 95 994 პირი შედის და ისინი სხვადასხვა კატეგორიებში ნაწილდებიან. ერთ-ერთი კატეგორია უკრაინის მხარეს მებრძოლთა სიაა.

მედიაზონამ შეძლო დაედგინა მოპოვებული ჩამონათვალიდან 36 ქვეყნიდან 396 სხვადასხვა პირის ვინაობა, რომლებიც უკრაინის მხარეს მებრძოლთა სიაში შედიან. აქამდე, თებერვალში რუსეთის პრეზიდენტს შეატყობინეს, რომ იძებნებოდა 593 დაქირავებული მებრძოლი 46 ქვეყნიდან.

მედიაზონა დანამდვილებით ვერ ხსნის, რატომ აღემატება ასზე მეტი ადამიანით პუტინისთვის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩაბარებული რიცხვები ძებნაში მყოფი პირების რაოდენობას, თუმცა ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ძებნა ყველა მათგანზე გამოცხადებული არაა, ან ზოგიერთის ვინაობა დადგენილი არაა. 

396 ადამიანიდან ყველაზე მეტი, 100 ადამიანი, არის ქართველი. შემდეგ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი - 93 მებრძოლით, ბელარუსი - 61 მებრძოლით, ისრაელი - 23 მებრძოლით, აშშ - 21 მებრძოლით, გერმანია - 14 მებრძოლით, ბრაზილია - 10 მებრძოლით, ფინეთი - 6 მებრძოლით, საფრანგეთი - 5 მებრძოლით და სხვა ქვეყნებიდან კიდევ 63 პირი.

სიაში არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატიც, პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინის ომში მცირე ხნით იყო წასული. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეების, რომლებსაც თავად დაქირავებულებს ეძახის, შესახებ თქვა, რომ ქართველები რაოდენობით მესამე ადგილზე იყვნენ, პოლონელებისა და ამერიკელების შემდეგ.

"იქ არიან დაქირავებულები შეერთებული შტატებიდან. ყველაზე მეტი დაქირავებული არის პოლონეთიდან, მეორე ადგილზე აშშ-დან არიან, მესამეზე კი - საქართველოდან." – ამბობდა პუტინი. 

კომენტარები