აშშ-მექსიკის საზღვარი

"ტეხასი არ დანებდება" - რა ხდება მექსიკისა და აშშ-ს საზღვარზე

Chandan Khanna/AFP via Getty Images

2023 წლის დეკემბერში მექსიკა-აშშ-ს საზღვარი რეკორდულად ბევრმა მიგრანტმა გადაკვეთა. სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბრის ბოლო კვირის მხოლოდ ხუთ დღეში აშშ-ში მექსიკიდან 50 000 მიგრანტი უკანონოდ შევიდა

მიგრანტების შემოდინების ამ მასშტაბმა გაზარდა დაძაბულობა ტეხასის შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის, რომელთაც მიგრანტების კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხედვები აქვთ. ამას გარდა, კითხვის ნიშნები გაჩნდა იმ საკითხზეც, თუ ვის იურისდიქციაში ექცევა აღნიშნული პრობლემა. 

10 იანვარს ტეხასის წარმომადგენლებმა დაბლოკეს აშშ-ს საზღვრის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები და Eagle Pass-ის გამშვებ პუნქტთან არ მიუშვეს, სადაც შედის შელბის პარკს და მდინარე რიო გრანდეს ნაწილს. 

12 იანვარს ტეხასის სამხედრო დეპარტამენტმა რიო გრანდეს სიახლოვეს დამხრჩვალი დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვეს. მას შემდეგ ტეხასის და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები ამ ტრაგედიას და მიგრანტთა პრობლემის ვერ გამკლავებას ერთმანეთს აბრალებენ. განთავსებული მავთულხლართების მიუხედავად, მიგრანტები მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით ყოველდღიურად ცდილობენ საზღვრის გადალახვას.

17 იანვარს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ტეხასის შტატს ვადა დაუწესა, რა დროშიც ტეხასის წარმომადგენლებს Eagle Pass-ზე ბლოკადა უნდა მოეხსნათ. მალევე, ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა თქვა, რომ ტეხასი არ დანებდება. 

იმ კითხვაზე, თუ რომელი იურისდიქცია უნდა გავრცელდეს Eagle Pass-ის გამშვებ პუნქტზე აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა 5-ით 4 ხმის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ ტეხასის შტატმა უნდა აიღოს მავთულხლართი, რომელიც ტერიტორიის გარშემო განალაგა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის მზადაა მექსიკა-ამერიკის საზღვარი მომენტალურად დახუროს, თუ ამ კომპრომისზე ტეხასის შტატი წავა და მავთულხლართებს აიღებენ. 

კრიზისის საპასუხოდ სენატში ბაიდენის გუნდმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საზღვრების კონტროლის დეპარტამენტს მექსიკასთან ყველა საზღვრის დახურვის უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის უკანონო გადალახვის შემთხვევები ერთ კვირაში 4000-ს გადააჭარბებს. 

კონგრესიდან მიღებული წყაროების ცნობით, შეთანხმებას საზღვრების კონტროლის შესახებ ტეხასისა და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს შორის 1 თებერვალს მიაღწევენ. მათი ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები კაპიტოლიუმში შეთანხმების ჩაშლას ცდილობენ. 

კომენტარები