აშშ-მექსიკის საზღვარი

აშშ და მექსიკა ახალ საიმიგრაციო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ

Go Nakamura/Reuters

მომავალ კვირაში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნისა და შედეგად მიგრანტების რაოდენობის მოსალოდნელი ზრდის ფონზე, შეერთებული შტატები და მექსიკა საზღვრის უკანონო კვეთის შესამცირებლად ახალ საიმიგრაციო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ.

სამშაბათს ეროვნული უშიშროების მრჩეველი, ლიზ შერვუდ-რანდალი მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ორივე ქვეყნის მიერ გავრცელებული ანგარიშების მიხედვით, მხარეები ხუთპუნქტიან გეგმაზე შეჯერდნენ.

შეთანხმების თანახმად, მექსიკა გააგრძელებს ვენესუელიდან, ჰაიტიდან, კუბიდან და ნიკარაგუიდან იმ მიგრანტების მიღებას, რომლებსაც ამერიკის საზღვრიდან უკან აბრუნებენ, ხოლო ასი ათასამდე ჰონდურასელს, გვატემალელსა და ელ სალვადორელს, ვისაც ოჯახები შეერთებულ შტატებში ჰყავთ, მიეცემათ აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.

2020 წელს დაწესებულმა COVID-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეერთებულ შტატებს სამხრეთის საზღვრიდან ათობით ათასი მიგრანტის გაბრუნების საშუალება მისცა, თუმცა შეზღუდვები 11 მაისს მოიხსნება.

მექსიკის მხარდაჭერით, საზღვარზე 1500 სამხედროს განთავსებითა და სხვა მტკიცე ზომებით, აშშ-ს ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ შეზღუდვების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი ხალხის ნაკადის ეფექტურ მართვას შეძლებენ.

კომენტარები