რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დასავლეთის მიერ ლტოლვილებისთვის გამოყოფილი დახმარება უკრაინამ უნდა განკარგოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრ დე კროუსთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი
YVES HERMAN / POOL/AFP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკეთესი იქნებოდა, ქვეყნებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხები უკრაინის ბიუჯეტის დამატებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

ზელენსკის განმარტებით, ამ თანხებს უკრაინის მთავრობა მოქალაქეებს შორის თავად გადაანაწილებდა და ეს ფული უკრაინის ეკონომიკას დაეხმარებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის თქმით, მხოლოდ გერმანიაში უკრაინიდან სამხედრო გაწვევის ასაკის 200 000-მდე მამაკაცი ჩავიდა. ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, ხომ არ უნდა განიხილოს გერმანიის მთავრობამ ასეთი მამაკაცებისთვის სოციალური დახმარების შემცირება, რათა დაზოგილი თანხით უკრაინას დაეხმაროს.

"თუ [გერმანიის] მთავრობას უკრაინელების დახმარება სურს, არის ასეთი შესაძლებლობა – მაგალითად, ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა და გერმანიაში წავიდა, იქ ცხოვრობს და მათგან ფულს იღებს. ჩვენ რა თქმა უნდა მადლობელნი ვართ ჩვენი მოქალაქეების დახმარებისთვის, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს ადამიანები ფინანსურ მხარდაჭერას ორივე ქვეყნიდან ქვეყნიდან იღებენ. ასეც ხდება ხოლმე. ახლა არ ვსაუბრობ კონკრეტულად გერმანიაში მცხოვრებ უკრაინელებზე, უფრო განზოგადებულად ვამბობ. სწორედ ამის გამო ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, რომ გერმანიას მხარი დაეჭირა უკრაინელებისთვის უკრაინის ბიუჯეტში ფულის მიცემით, შემდეგ კი უკრაინა უკვე გადაანაწილებდა ამ ფულს იმის მიხედვით, სად იმყოფება ეს ადამიანი". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა მისი ქვეყნის დახმარებისთვის განკუთვნილი ფულის ნაწილი რჩება ევროპაში, რადგან როდესაც მოქალაქეები ომს გაურბოდნენ, ქვეყნიდან თანხები გაიტანეს. ამასთან, საზღვრის მიღმა დარჩა ევროპის მიერ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ფულიც.

"საბოლოოდ, ჩვენი ფული გავიდა, ევროპული ფული კი დარჩა იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ, უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ მაქვს. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ ამისთვის ყურადღება მიგვექცია. როდესაც მსოფლიო უკრაინელების ფინანსურ მხარდაჭერაზე საუბრობს, მინდ ხაზი გავუსვა თუ სად რჩება ამ ფულის დიდი ნაწილი". - თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ უნდა მოხდეს უკრაინელი ლტოლვილების საკითხის განზოგადება, რადგან არსებობს ბევრი დეტალი. ასევე, არიან მობილიზაციის ასაკს მიღმა მყოფი პირები, არიან ისეთებიც ვინც მანამდე წავიდა და არიან სტუდენტებიც". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის განსაკუთრებით მადლობელია იმ მოქალაქეების, ვინც სახლში ბრუნდება, მუშაობს, გადასახადებს იხდის და ამგვარად ეხმარება უკრაინის ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს.

კომენტარები