რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

 ესტონეთი უკრაინას 3 წლის განმავლობაში 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიაწვდის

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის თქმით, ესტონეთი უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს, რომელსაც კიევი 3 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ მიიღებს. ამის შესახებ კარისმა ტალინში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი შეიარაღება. აუცილებელია ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სიმძლავრის გაზრდა, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე". - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ალარ კარისმა აღნიშნა, დასავლეთში არაფორმალურ შეხვედრებზე ზავის საკითხს აყენებენ იმისთვის, რომ გაიგონ განწყობები.

"არა ოფიციალურ, არამედ არაფორმალურ შეხვედრებზე კულუარებში აყენებენ ზავის საკითხს, რომ განწყობები გაიგონ. თუმცა, ჩვენი პასუხი ისეთივეა, როგორიც პრეზიდენტი ზელენსკის – მშვიდობა იქნება მაშინ, როდესაც უკრაინა ომში გაიმარჯვებს". - თქვა კარისმა.

ამასთან, ესტონეთის პრეზიდენტის შეფასებით, მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ზეწოლას წარმატება არ ექნება, სანამ ევროპაში და მის გარეთ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის. მისი თქმით, არსებობს ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ამ ერთობის დანგრევას ცდილობენ.

"ზოგიერთ ქვეყანას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაარღვიონ ეს ერთიანობა". - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები