რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი გაეროს ბელგოროდის დაბომბვის ფაქტზე სხდომის გამართვას სთხოვს

ბელგოროდი, 2023 წლის 30 დეკემბერი
BBC

რუსეთი გაეროს ბელგოროდის დაბომბვის ფაქტზე სხდომის გამართვას სთხოვს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 30 დეკემბერს ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში. შედეგად დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი, დაშავდა 40 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ იერიშისთვის უკრაინამ საკუთარი წარმოების Вільха-ს ტიპისა და ჩეხური წარმოების Vampire-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიყენა. რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და მასზე ჩეხეთის წარმომადგენლების გამოცხადება მოითხოვა.

ზახაროვამ მომხდარს "ტერაქტი" უწოდა. ის ირწმუნება, რომ თავდასხმის უკან დგას დიდი ბრიტანეთი და აშშ.

მედიასთან საუბარში უკრაინელმა ძალოვნებმა თქვეს, რომ მათ ბელგოროდზე იერიში 29 დეკემბრის რუსეთის თავდასხმების პასუხად მიიტანეს, თუმცა მათი სამიზნეები სამხედრო ობიექტები იყო და, როგორც ირწმუნებიან, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მსხვერპლი მოწინააღმდეგის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალურმა გამოყენებამ გამოიწვია.

29 დეკემბერს რუსეთმა უკრაინაზე ბოლო პერიოდში უდიდესი საჰაერო იერიშები მიიტანა, გამოიყენეს 100-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და დრონი, რის შედეგადაც, 39 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 14 მხოლოდ კიევში, რაც დედაქალაქში ომის ფარგლებში უდიდესი სამოქალაქო მსხვერპლია. 1-ელი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები