რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებზე იერიშები მიიტანა

იერიშის შედეგად დაზიანებული სასტუმრო Kharkiv Palace-ი

30 დეკემბრის საღამოს საათებში რუსეთმა ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებზე ახალი იერიშები მიიტანა.

როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე 6-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს და დაშავებულია სულ მცირე 8 ადამიანი. ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის საბოლოო. 

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ერთ-ერთმა აფეთქებამ დააზიანა საცხოვრებელი სახლი, რამაც დიდი ნგრევა და ხანძარი გამოიწვია.

ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ იერიში ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანდა "სამკურნალო დაწესებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა საჯარო ადგილები, ტრანსპორტიც".

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება იერიშის შედეგად დაზიანებული სასტუმრო Kharkiv Palace-ის ფოტოები.

ამას გარდა, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მოსალოდნელი იყო ჩერნიგოვის ოლქზე შაჰედის ტიპის დრონებით თავდასხმა, სუმის ოლქის გავლით. 

აქამდე, 30 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ცენტრში აფეთქებები ისმოდა. როგორც რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ამბობენ, რომ ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიში იყო. მედიასთან საუბარში უკრაინელმა ძალოვნებმა თქვეს, რომ მათ ბელგოროდზე იერიში 29 დეკემბრის რუსეთის თავდასხმების პასუხად მიიტანეს, თუმცა მათი სამიზნეები სამხედრო ობიექტები იყო და, როგორც ირწმუნებიან, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მსხვერპლი მოწინააღმდეგის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალურმა გამოყენებამ გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ იერიშისთვის უკრაინამ საკუთარი წარმოების Вільха-ს ტიპისა და ჩეხური წარმოების Vampire-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიყენა. რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და მასზე ჩეხეთის წარმომადგენლების გამოცხადება მოითხოვა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო სამინისტროს – უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ მომხდარს "ტერაქტი" უწოდა. ის ირწმუნება, რომ თავდასხმის უკან დგას დიდი ბრიტანეთი და აშშ.

გასულ ღამეს ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანა, როგორც თავად ქალაქ ბელგოროდზე, ისე რეგიონის სხვა დასახლებებზე. მისი მტკიცებით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი კაცი. როგორც გლადკოვი წერდა, იერიშის ფარგლებში გამოიყენეს არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. მისივე ცნობით, ობიექტების მოსაგერიებლად მოქმედებდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პარალელურად, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი ირწმუნებოდა, რომ გასული ღამის იერიშების შედეგად მის ოლქში ერთი ბავშვი დაიღუპა.

გასულ დღეს რუსეთმა უკრაინაზე ბოლო პერიოდში უდიდესი საჰაერო იერიშები მიიტანა, გამოიყენეს 100-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და დრონი, რის შედეგადაც, 39 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 14 მხოლოდ კიევში, რაც დედაქალაქში ომის ფარგლებში უდიდესი სამოქალაქო მსხვერპლია. 1-ელი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები