ლატვიის არმიამ განაცხადა, რომ 8 ივნისს NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს დრონი, რომელიც რუსეთიდან ლატვიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
"მოკავშირეების ავიაგამანადგურებლებმა წარმატებით ჩამოაგდეს დრონი, რომელიც ლატვიის საჰაერო სივრცეში შეფრინდა." – განაცხადა არმიამ X-ზე გავრცელებულ პოსტში.
მოგვიანებით ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა X-ზე დაწერა, რომ "მოკავშირეების ფრანგულმა გამანადგურებლებმა უცხოური უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც ლატვიაში რუსული რადიოელექტრონული საომარი მოქმედებების შედეგად შეიჭრა." – დაწერა კოლსმა და დაამატა, რომ ანალოგიურ სიტუაციებში NATO-ს მხრიდან სწორედ მსგავსი რეაგირებაა საჭირო.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე მე-4 შემთხვევაა, როცა რუსეთის მიმართულებიდან ლატვიის საჰაერო სივრცე დრონმა დაარღვია.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში უკრაინამ შორი რადიუსის დრონების მეშვეობით რუსეთზე იერიშები გააძლიერა, მათ შორის, ბალტიის ზღვის სიახლოვესაც, სადაც უკრაინული სამხედრო დრონები არაერთხელ შეფრინდნენ ფინეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეებში.
თუმცა, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემებისა და რადიოელექტრონული ჩახშობის გამოყენებით ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ უკრაინული დრონების მიზანმიმართული გადამისამართება დაიწყო.
NATO-ს წყაროების მიხედვით, ალიანსში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ქმედებები მიზანმიმართულია. მათი თქმით, რუსეთის მიზანი არა მხოლოდ უკრაინული დრონების მოგერიება, არამედ ასევე მათი გადამისამართებაცაა, რათა ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებში საგანგებო სიტუაციები გამოიწვიოს და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებს შესაძლო ზიანი მიაყენოს.
-
უკრაინულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ლატვიის თავდაცვის მინისტრი გადადგა
-
ლატვიის პრემიერმინისტრი უკრაინულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გადადგა
7 მაისს ლატვიამ და ლიტვამ NATO-ს რეგიონში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან შეფრენილი დრონები ლატვიაში ნავთობობიექტთან აფეთქდნენ.
მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ X-ზე დაწერა, რომ დრონები უკრაინული იყო და ისინი ლატვიაში "რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებების" შედეგად შეფრინდნენ, რის ფარგლებშიც "რუსული სამიზნეებისკენ გაშვებულ უკრაინულ დრონებს მისამართი შეუცვალეს".





