ქრისტეშობა 2023

მართლმადიდებელი ეკლესიების მხოლოდ მცირე ნაწილი არ აღნიშნავს დღეს შობას – მამა ლეონი

ქრისტეშობა 2023

მართლმადიდებელი ეკლესიების მხოლოდ მცირე ნაწილი არ აღნიშნავს დღეს შობას – მამა ლეონი

ქრისტიანებისათვის შობა იმედთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომაც ვისმენთ საშობაო ლიტურგიისას ამ სიტყვებს წმიდა წერილიდან:

"მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ". (გალატელთა IV 7)

ღვთის მემკვიდრეობა თავისუფლებას ნიშნავს, იმ თავისუფლებას, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის აუცილებელია, თავისუფლებას, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყოველი მორწმუნე, იმ თავისუფლებას, 
რომლის წინააღმდეგაც ასე მძლავრად იბრძვის დღეს სამყაროს ბნელი ნაწილი. თავისუფლებას, რომელიც ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, სანუკვარი და ღირსეულია. თავისუფლებას, რომლის სურვილსაც ვერანაირი ბოროტების იმპერია აღუდგება წინ. თავისუფლებას, რომელსაც გულწრფელმა ქრისტიანებმა არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად უნდა მივაღწიოთ.

ქრისტიანები ხშირად ვიმეორებთ საღვთო ლოცვას, რომელსაც ვიწყებთ სიტყვებით "მამაო ჩვენო".

მამაო ჩვენოს და არა ჩემოს წარმოთქმა უნდა გვაფიქრებდეს ვინ ვართ ის "ჩვენ", რომელსაც ხშირად ასე გაუაზრებლად წარმოვთქვამთ ლოცვისას.

მამაო ჩვენოს წარმოთქმისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენში არა მხოლოდ ჩვენთვის სასურველი, ჩვენი მსგავსი, ჩვენი მოსაწონი ადამიანები, არამედ ჩვენთვის არასასურველნი, ჩვენგან გარიყულნი, ჩვენგან მომდურებულნიც იგულისხმებიან.

შობა ის დღესასწაულია რომელსაც არა მარტო, არამედ სხვათა სიხარულის გაზიარებით უნდა შევხვდეთ და ამ დღით გაბედნიერება შეუძლებელია სხვა, თუნდაც ძალზედ განსხვავებულისა და ჩვენთვის მიუღებლის გარიყვის შემთხვევაში.

შობის ზეიმი ქრისტიანთა საერთო ზეიმია, შობის ზეიმი ერთად მყოფ ქრისტიანთა იმ ძვირფასი სურვილის ზეიმია, რომლის სიხარულშიც სხვა ყველას მოვუხმობთ.

ალბათ, ადამიანთა შორის ადამიანად მოვლენილი ღმერთის საგანგებო ნიშანია, რომ მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიების ძალიან მცირე ნაწილი, სხვა დიდ ნაწილთან ერთად შობას არ აღნიშნავს და 25 დეკემბერი ერთ მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივ ლიტურგიულ დღედ აქვთ განწესებული, სწორედ ამ დღის საკითხავზე, სწორედ 25 დეკემბერს ეს ეკლესიები კითხულობენ ნაწილს წმიდა წერილიდან, რომელიც შემდეგნაირად მთავრდება:

"იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი". (იოანე X 16)

სიყვარულით ერთად ყოფნის სურვილით განწყობილთ, ამ დღის კეთილი სურვილები აუცილებლად აუსრულდება!
შობას გილოცავთ!

+ ლეონი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

კომენტარები