ქრისტეშობა 2023

ცრემლიანი შობა – მეუფე მალხაზ სონღულაშვილი

ქრისტეშობა 2023

ცრემლიანი შობა – მეუფე მალხაზ სონღულაშვილი

ამ შობას კიდევ ერთი და კიდევ უფრო მეტად თავზარდამცემი ომის აჩრდილის ქვეშ ვეგებებით. ომის ქარცეცხლი ტრიალებს ღაზაში, ისრაელში, უკრაინაში, სამხრეთ სუდანში...

სარა, აგარი და მარიამი დასტირიან თავიანთ შვილებს, და არცერთს "არ სურს ნუგეში შვილების გამო, რადგან ისინი აღარ არიან" (იერემია 31:15). სარა ებრაელების დედაა, აგარი - არაბებისა, მარიამი დედაა იესოსი და მისი მიმდევრებისა.

ჰოდა, როგორ უნდა ვიზეიმოთ შობა, როცა სამივე დედა მოთქმით დასტირის თავიანთ შვილებს: ზოგს ნანგრევებში გაჭყლეტილებს, ზოგს ჯგუფურად გაუპატიურებულებსა და მოკლულებს, ზოგს შემთხვევით, თავისიანების ხელით მოკლულებს, ზოგს კი ნაფლეთებად ქცეულებს...

უყურებ ამ ყველაფერს ადამიანი და სირცხვილის გრძნობა გიჩნდება, რომ ადამიანი ხარ. გგონია, რომ მთელი სამყარო მრუმე წყვდიადმა მოცვა და გამოსავალი აღარსად ჩანს: უგულობამ, გულგრილობამ, სიცრუემ, სიყალბემ, კინკლაობამ და ძალადობამ, სიძულვილმა და სიხარბემ წალეკოს ლამის ყველაფერი.

არადა, იქნებ სწორედ ახლა გვჭირდება ყველაზე მეტად შობის არა მარტო გახსენება, არამედ მისი გააზრება და გათავისება?!

შობის ამბავი, რომელიც ოთხიდან მხოლოდ ორ სახარებაშია აღწერილი, წარმოადგენს შესავალს იმისა, რაზეც ოთხივე სახარებაშია ლაპარაკი. შესავალი კაი ამბისა, რომლის მიხედვითაც ღმერთს ადამიანი უპირობოდ უყვარს. შობა ერთგვარი უვერტიურაა ამ კაი ამბისა, როგორც ეს ოპერაში ხდება.

კაი ამბავი კიდევ ის არის, რომ ღმერთმა მოიწადინა ადამიანთან ყოფნა და ადამიანთან მეგობრობა გომურში დაბადებული უმწეო ყრმის მეშვეობით. შობა თვალისმომჭრელი სურათია იმისა, რომ ღმერთი ღებულობს ადამიანს ისეთსას, როგორიც ის არის, ყოველგვარი "თუების", "მაგრამების", "თუმცებისა"  და "იცი რაების" გარეშე.

ამ მიმღებლობას ჩვენ კარგად ვხედავთ იესო ნაზარეველის მთელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მანძილზე: იესო ღებულობს ყველას - ღარიბებს, ცოდვილებს, სიმართლისათვის დევნილებს, მშვიდობისმყოფელებს,  კეთროვნებს, მეძავებს, მებაჟეებს, მრუშობაზე წასწრებულ ქალს, ღებულობს ოთხი დღის დამარხულ ლაზარეს, დენილობს, სამარიელ ქალს იაკობის ჭასთან, ღებულობს ბრმა ბარტიმეოსს, ღებულობს სისხლისდენით დაავადებულ ქალს, ღებულობს ასისთავის მსახურს, ღებულობს ქვრივებს, ღებულობს პარალიზებულ კაცს, ღებულობს სნეულებს, ტანჯულებს, ღებულობს მარიამსა და მართას, ღებულობს პეტრეს, იაკობსა და იოანეს, ღებულობს თომას  - ჩვენ რომ ურწმუნოს ვეძახით - ღებულობს იუდას. გარდა ამისა, ის გღებულობს შენ, ძვირფასო მკითხველო, და მღებულობს მეც: როგორიც ხართ, როგორიც ვარ!

ჩვენი მთავარი იაღლიში, როგორც ადამიანებისა, ის არის, რომ ვერ ვახერხებთ სხვების მიმართ გამოვიჩინოთ ისეთივე მიმღებლობა, როგორსაც ღმერთი იჩენს ჩვენს მიმართ.

ჩვენ ვერ ვღებულობთ განსხვავებულებს და ეს არის სათავე ყველა იმ უბედურებებისა, კონფლიქტებისა, რომელიც ჩვენვე დავიტეხეთ თავს.

ღმერთი კი ღებულობს ყველას, მაგრამ ჩვენ ვერ ვღებულობთ განსხვავებული რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლებს, თანასწორად ვერ ვღებულობთ ქალსა და მამაკაცს,  შავკანიანსა და თეთრკანიანს, ჰეტეროსექსუალსა და ჰომოსექსუალს,  ნასწავლსა და უსწავლელს, მდიდარსა და ღარიბს. ვჩაგრავთ, ვისი დაჩაგვრაც შეგვიძლია, ვჩაგრავთ სუსტსა და უპატრონოს, ვჩაგრავთ ცხოველებსა და ფრინველებს, ვანადგურებთ ბუნებას, ვაბინძურებთ წყალსა და ჰაერს...

ჰოდა ამიტომ, ვინძლო უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დღეს ჩვენ გვჭირდება დავინახოთ შობის საზრისი: როგორც ღმერთი გვღებულობს ჩვენ უპირობოდ, ჩვენც ასვე უნდა მივიღოთ ის განსხვავებულობა და მრავალფეროვნება, რომელსაც ჩვენ ხშირად საფრთხედ აღვიქვამთ, არადა ის საჩუქარია ღმრთისაგან ბოძებული. ეს არის  ჩვენი იმედი და მშვიდობისაკენ მიმავალი გზა.

მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა სამოცი წლის წინათ:

“ადრე თუ გვიან მსოფლიოს ყველა ხალხმა უნდა აღმოაჩინოს იმისი გზა თუ როგორ უნდა იცხოვროს მშვიდობიანად… ამის მისაღწევად ადამიანმა ყველა ადამიანური კონფლიქტის მოსაგვარებლად უნდა მიაგნოს ისეთ ხერხს, რომელიც გამორიცხავს შურისძიებას, აგრესიასა და სამაგიეროს გადახდას. ასეთ ხერხს საფუძვლად უდევს სიყვარული."

ამ სიტყვებს დღესაც არ გასვლია ყავლი, ეს გზა ყველასა გვაქვს გასავლელი. ამ გზაზე მეგზურობა შობის ვარსკვლავმა უნდა გაგვიწიოს. ეს გზა მარტო ქრისტიანებისა არ არის, ყველასია. ამიტომ შობაც ყველას შეუძლია იზეიმოს: ვისაც ასე სწამს, ვისაც ისე სწამს, ვისაც არა სწამს საერთოდ. შობაც ყველასია.

დაე ჩვენს გულებში სულმუდამ იკაშკაშოს შობა ღამის ვარსკვლავმა იმის ნიშნად, რომ ღმერთის იმედს ვერავინ და ვერაფერი წაგვგლეჯს ხელიდან.


ჯალალედინ რუმი ადამიანის გულზე საუბრისას ასე ამბობდა:

"დარ ინ ხააქ,

დარ ინ ხააქ,

დარ ინ მაზრაე-იე ფააქ;

ბე ჯოზ მეჰრ,

ბე ჯოზ ეშყ,

დეგარ თოხმ ნა-ქაარიმ"

"ამ ნიადაგზე,

ამ ნიადაგზე,

ამ სუფთა მინდორზე;

მოდით

სხვა არაფერი დავთესოთ

გარდა სიყვარულისა"

დასამალი არ არის, ჩვენს გულებში ბევრი ღვარძლი გვაქვს უკვე დათესილი, - ღვარძლი მიუღებლობისა და სიძულვილისა, - და ამიტომ თუ ყრმა იესო დაიბადება ჩვენს გულში, აქ და ახლა, ღვარძლის ადგილს სიყვარული დაიკავებს:

სილამაზე გაიმარჯვებს სიგონჯეზე,

სიყვარული გაიმარჯვებს სიძულვილზე,

გონიერება გაიმარჯვებს უგუნურებაზე,

შერიგება გაიმარჯვებს კინკლაობაზე,

მეგობრობა გაიმარჯვებს შუღლზე,

სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე,

მშვიდობა გაიმარჯვებს ომსა და უსამართლობაზე,

სიხარულის ცრემლი გაიმარჯვებს მწუხარების ცრემლზე.


გილოცავთ შობას: არ შეგეშინდეთ, არ დაყაროთ ფარ-ხმალი მშვიდობისა და სამართლიანობისათვის ბრძოლაში.

მალხაზ სონღულაშვილი, მშვიდობის კათედრალი, 2023

კომენტარები