ქრისტეშობა 2023

ქრისტეს შობით, პიროვნებამ მიიღო ღირებულება, რომელიც არასდროს ჰქონია – არქიმანდრიტი ილია

ქრისტეშობა 2023

ქრისტეს შობით, პიროვნებამ მიიღო ღირებულება, რომელიც არასდროს ჰქონია – არქიმანდრიტი ილია

ღმერთი დაიბადა ამქვეყნად?!

კვლავ გვაოცებს ბეთლემის ოცსაუკუნოვანი სცენა. ერთის მხრივ, უდიდესი სიხარულის მიზეზი, ხოლო, მეორე მხრივ, დრამა, რომ განკაცებული ძე ღმერთი ქვეყანამ ვერ იცნო. დღესაც, ბევრი ჩვენთაგანისათვის, უცხოა სიხარულის მიზეზი. ვდღესასწაულობთ გააზრების გარეშე, ვდღესასწაულობთ რიტუალურად.

ქრისტეს შობით, ღმერთკაცის მოვლინებით, განგვეცხადა ადამიანის პიროვნება, როგორც უმაღლესი ფასეულობა.

ქრისტეს შობით, პიროვნებამ მიიღო ის ღირებულება, რომელიც არასდროს არ ქონია.

ქრისტემ, თავისი შობით, საფუძველი დაუდო პიროვნების იდეას.

ქრისტემ ადამიანი ყველაფერზე მაღლა დააყენა, მხოლოდ ის გახადა სიყვარულისა და აბსოლუტური ყურადღების საგანი.

ქრისტეს ყურადღება მიპყრობილი იყო მის გარშემო მყოფ ცოცხალ ადამიანებზე.

ქრისტე ეწამა ადამიანთათვის, ჩვენთვის, მაგრამ ამით, „სიკვდილითა სიკვდილით დამთრგუნველმა", რელიგია იდეოლოგიიდან სიცოცხლის მარადიულ ძალად გარდაქმნა და სამყაროში გამეფდა პიროვნების იდეა. 

ქრისტეს პიროვნებაშია თვით სიცოცხლის მიზანი და აზრიც. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ ადამიანი უმაღლეს ფასეულებად დაგვანახა, დღესდღეობით, ადამიანების ხოცვა - სისხლისმღვრელი ომები, მათი შევიწროება, ძალადობა, ლანძღვა და დამცირება ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, რათა სიყვარულით ყველანაირი ღონე ვიხმაროთ ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად, რომ დავიბრუნოთ ჩვენი პირვანდელი, ადამიანური სახე და შემოქმედის მიერ დიდებისა და პატივის ღირსებით შემკულნი გავხდეთ.

ისევე როგორც სული, ადამიანის სხეული ღირსია პატივისა. ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა, პატივით მოვეპყროთ თითოეული ადამიანის პიროვნულ ღირებულებას და დავიცვათ იგი ყველგან ყოველგვარი ძალადობისაგან.

ადამიანის სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია ჭეშმარიტი რელიგიური თუ სულიერი ფორმა. ის საზოგადოება, საზოგადო განათლება თუ ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანის ღირებულებას, სასტიკი და ძალმომრეა ადამიანის მიმართ, რასაკვირველია, არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულის ღმერთთან.

სამწუხაროდ, ჩვენს დღვენდელ საზოგადოებაში გამეფებულია სიძულვილისა და აგრესიის ენა. ჩვენ ამ ძალადობას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული. სიყვარული არის ღმერთის ის იდუმალი ენერგია, მისტიური ძალა ქრისტიანობისა, რომელიც იმარჯვებს ყოველგვარ ბოროტებაზე.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ~ თანა-ადამიანთ, როგორც ქმნილ სამყაროში ყველაზე უმაღლეს ღირებულებას.

ქრისტეშობის ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე ვიფიქროთ, რომ მოვახერხოთ ცოდვათა ძლევა და ბოროტებაზე გამარჯვება, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ სიყვარულით მიიღწევა, რომლის დაბადებასაც ვდღესასწაულობთ დღეს ჩვენ.

დაე, იყოს ეს სიყვარული ჩვენი გულების სტუმარი, გავუღოთ მას გულის კარნი და მივიწვიოთ ჩვენში, სტუმარი ხომ ღმრთისაა?!

ქრისტე იშვა, იშვა იესო, იშვა ღმერთკაცი.

გიხაროდეთ!

ადრიანოპოლისის კარიბჭის (ედირნექაფი) წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლოს ტაძრის წინამძღვარი, თურქეთის ქართველ მართლმადიდებელთა მოძღვარი, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.

სტამბოლი, ქრისტეშობა 2023/24

კომენტარები