დაპირისპირება ენმ-ში

ნაციონალურ მოძრაობას თბილისის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ

ნაციონალურ მოძრაობას თბილისის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ. ენმ-ის ყოფილი წევრის, დავით ლაგვილავას თქმით, ისინი უერთდებიან ახალ პარტიას, რომელიც შეიქმნება ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის ყოფილი წევრის, ბესო გაზდელიანის თქმით, ტოვებენ ნაციონალურ მოძრაობას და "დგამენ ნაბიჯს წინ, მომავალში".

"მე არ ვიცი, ჩემო მეგობრებო, მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია. შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. [...]ჩვენ ვტოვებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში". – თქვა გაზდელიანმა.

ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოს ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმაც დატოვა. მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ახლა ვინც ჰყავს მენეჯმენტში, პარტიას დაღუპავს. 

"ფაქტობრივად, რუსული რეჟიმის გვერდით ნაბრძოლი ხალხი მოიყვანეს და თავზე დაასვეს იდეებით სავსე ხალხს. ამიტომ, ბატონმა მიშამაც უნდა იცოდეს, ეხლა ვინც ჰყავს მენეჯმენტში და ისინი, ვინც მოატრიალეს, ეგ ხალხი ამ პარტიას დაღუპავენ". – თქვა მამუკა გუგეშაშვილმა. 


7 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მელიამ "საბოლოო გადაწყვეტილება" გამოაცხადა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მისი თქმით, ენმ-მ საკუთარ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა.

იმავე დღეს მელიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ახალი პარტიის დაფუძნებას აპირებს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის "ფლანგებს" შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ ენმ-ის წევრები ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებშიც პარტიას ტოვებენ.

7 დეკემბერს კასპის საკრებულოში ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა. ამ დროისთვის ენმ-ს საკრებულოში 2 მანდატი რჩება. გავრცელდა ინფორმაცია კახეთის საკრებულოს წევრების მიერ ენმ-ს დატოვების შესახებაც.

6 დეკემბერს ხობის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან პარტია 10-მა დატოვა. 

5 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 14-მა წევრმა პარტია დატოვა. დეპუტატებს ამ გადაწყვეტილებაში აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. ენმ-ს საკრებულოში სულ 22 წევრი ჰყავდა.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა.

4 დეკემბერს კი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ.

2 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრებმაც მოითხოვეს.

1 დეკემბერს კი თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვეს.

ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა.

კომენტარები