რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი კონგრესს აფრთხილებს, რომ შესაძლოა აშშ-ს უკრაინისთვის დახმარება ამოეწუროს

კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
Getty Images

4 დეკემბერს თეთრმა სახლმა კონგრესს უკრაინისთვის იარაღისა და დახმარების გამოსაყოფად დამატებითი დაფინანსების გამოყოფა მოსთხოვა. თეთრი სახლის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ბრძოლის ველზე "დაკოჭლდება", რამაც შეიძლება რუსეთის გამარჯვებას შეუწყოს ხელი.

ამის თავიდან ასარიდებლად, თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა შალანდა იანგმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონსა და კონგრესის დანარჩენ ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი კონგრესს უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდა.

"კონგრესის ქმედების გარეშე, წლის ბოლოსთვის ჩვენ უკრაინისთვის იარაღისა და დახმარების გამოსაყოფად, ასევე აშშ-ს რეზერვების შესავსები შეიარაღებისთვის, რესურსები დაგვიმთავრდება." - წერს იანგი თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

უკრაინაში ომის დაწყებიდან აშშ-ს კონგრესმა $110 მილიარდი რაოდენობის დახმარება გამოუყო, თუმცა იანვრიდან მოყოლებული დამატებითი დახმარება არ დამტკიცებულა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოქტომბერში კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად, ასევე აშშ-ს საზღვრის უსაფრთხოებისთვის $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა, თუმცა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა დახმარების ამ პაკეტზე უარი თქვეს, ხოლო მაიკ ჯონსონმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხის განცალკევება გადაწყვიტა, რის შემდეგაც რესპუბლიკელებმა ისრაელისთვის $14.5 მილიარდის რაოდენობის დახმარებას დაუჭირეს მხარი.

კომენტარები