წითელი ზღვა

წითელ ზღვაში ორ გემზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს

აშშ-ს გამანადგურებელი ხომალდი USS Carney წითელ ზღვაში ჰუსიტების რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებს, 19 ოქტომბერი
Petty Officer 2nd Class Aaron Lau/US Navy

დღეს, 3 დეკემბერს, წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე საათში მომხდარს იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მარიონეტული დაჯგუფება გამოეხმაურა. მათი თქმით, ღაზაში მიმდინარე ომის გამო იემენის სანაპიროსთან "ისრაელურ" ხომალდებზე თავდასხმა მიიტანეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დღეს დილით, იემენის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვედანაყოფებმა ბაბ ელ-მანდების სრუტესთან ორ ისრაელურ გემზე მიიტანეს იერიში." პირველ გემს რაკეტა ესროლეს, ხოლო მეორეზე თავდასხმა დრონის მეშვეობით განხორციელდა.

განცხადებაში იემენელი ჰუსიტები ღაზელი პალესტინელების მიმართ კიდევ ერთხელ აცხადებენ მხარდაჭერას და "ისრაელურ ხომალდებს" მათ მიერ გაკეთებული გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

მანამდე პენტაგონმა გაავრცელა ცნობა, რომ წითელ ზღვაში ამერიკულ გამანადგურებელ ხომალდ USS Carney-სა და რამდენიმე კომერციულ გემზე თავდასხმა განხორციელდა. თუმცა, ჰუსიტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამერიკული სამხედრო ხომალდი ნახსენები არ ყოფილა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ABC News-სთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-ს საზღვაო ხომალდმა წითელ ზღვაში მისკენ მომავალი რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

"ხომალდი USS Carney ჩართული იყო წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ კომერციულ გემებზე მიმდინარე შეტაკებებში. ორ ვითარებაში Carney-მ წარმატებით ჩამოაგდო მისკენ მომავალი უპილოტო საფრენი აპარატი." - თქვა მან.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, იემენიდან ჰუსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა სავაჭრო გემის მახლობლად დაეცა, რის შემდეგაც წითელ ზღვაში მცურავმა USS Carney-მ სავაჭრო გემის დახმარების მოთხოვნას უპასუხა. მან დაამატა, რომ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

უფრო ადრე, ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა წითელ ზღვაში დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმასა და მომხდარ აფეთქებებზე ცნობა გაავრცელეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით წითელ ზღვაში, ბაბ ელ-მანდების სრუტესთან მცურავ ბრიტანულ გემზე იემენელმა ჰუსიტებმა, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიში მიიტანეს.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) განცხადებით,  სამხედრო დრონების აქტიურობის წყარო იემენიდან მოდის და მიმდებარედ მცურავ ხომალდებს სააგენტო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


იემენში "ჰუსიტები" ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.

გაეროს თქმით, იემენში კონფლიქტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე იემენში 377 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 150 000 უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა, 60% კი შიმშილმა, ასევე საჭირო ჯანდაცვისა და უსაფრთხო წყლის არარსებობამ იმსხვერპლა. ამას გარდა, 4.5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24.1 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

კომენტარები