წითელი ზღვა

პენტაგონი: აშშ-ს სამხედრო ხომალდსა და რამდენიმე კომერციულ გემს თავს დაესხნენ

ამერიკული საზღვაო გამანადგურებელი USS Carney

პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 3 დეკემბერს, წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდსა და რამდენიმე კომერციულ გემს თავს დაესხნენ.

"ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას წითელ ზღვაში გამანადგურებელ ხომალდ USS Carney-სა და კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და, როგორც კი შესაძლებელი იქნება, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით." - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

მანამდე, ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა წითელ ზღვაში დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმასა და მომხდარ აფეთქებებზე ცნობა გაავრცელეს.

პენტაგონის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ საიდან განხორციელდა თავდასხმა, თუმცა ბოლო პერიოდში წითელ ზღვაში გემებზე მომხდარი თავდასხმები იემენელი ჰუსიტების დაჯგუფებას უკავშირდებოდა.

ჰუსიტებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენლის თქმით, მალე "მნიშვნელოვან" განცხადებას გააკეთებდნენ.

პენტაგონის განცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წითელ ზღვაში, ბაბ ელ-მანდების სრუტესთან მცურავ ბრიტანულ გემზე იემენელმა ჰუსიტებმა, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიში მიიტანეს.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) განცხადებით,  სამხედრო დრონების აქტიურობის წყარო იემენიდან მოდის და მიმდებარედ მცურავ ხომალდებს სააგენტო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


იემენში "ჰუსიტები" ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.

გაეროს თქმით, იემენში კონფლიქტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე იემენში 377 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 150 000 უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა, 60% კი შიმშილმა, ასევე საჭირო ჯანდაცვისა და უსაფრთხო წყლის არარსებობამ იმსხვერპლა. ამას გარდა, 4.5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24.1 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

კომენტარები