ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პალესტინის ადმინისტრაციის წევრმა 7 ოქტომბრის ჟლეტას "თავდაცვითი ომის" ნაწილი უწოდა

ფათაჰის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნი, ჯიბრილ რაჯუბი
Alexander Zemlianichenko/AP

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მმართველი პარტიის, ფათაჰის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივნმა, ჯიბრილ რაჯუბმა 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტების ისრაელში შეჭრას "თავდაცვითი ომის ნაწილი" უწოდა და აღნიშნა, რომ ჰამასი პალესტინის "სოციალური და პოლიტიკური ქსოვილის ნაწილია". 

რაჯუბის თქმით, ისრაელი პასუხისმგებელია 7 ოქტომბერს მომხდარი მოვლენების გამოწვევაზე, რადგან ამის უკან იდგა ისრაელის "აგრესია ყველა პალესტინურ მიწაზე".

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლის შეფასებით, ჰამასის თავდასხმებმა "ხელი შეუშალა ისრაელის მიზანს – შეძლოს რეგიონში ინტეგრირება, პალესტინელთა პრობლემის მოგვარების გარეშე, მშვიდობის მშვიდობაში გაცვლის პრინციპზე დაყრდნობით".

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას, რაჯუბმა აღნიშნა, რომ "ჰამასი პალესტინელთა პოლიტიკური და სოციალური ქსოვილისა და მათი ბრძოლის ნაწილია, მათი ჩართულობა კი მნიშვნელოვანია". მიუხედავად ამისა, რაჯუბი ამავდროულად აღნიშნავს, რომ პალესტინელი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი კვლავ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციაა.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელში შეჭრას და მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას ოფიციალურად ამ დრომდე არ გმობს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ნოემბერში IDF-ის ძალები ქალაქ ღაზაში შევიდნენ. ღაზის სექტორი ჯერჯერობით შუაზეა გაყოფილი. 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილი სრულად დაიკავეს და ომის ახალი ფაზა დაიწყო.

კომენტარები