დიდი ბრიტანეთი

ბრიტანული მუზეუმი რომის იმპერატორ ელაგაბალუსს ტრანსგენდერ ქალად მოიხსენიებს

PHAS

ჩრდილოეთ ჰერთფორდშირის მუზეუმის გადაწყვეტილებით რომის იმპერატორს ელაგაბალუსს ტრანსგენდერად მოიხსენიებენ და ამის შემდეგ მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებს გამოიყენებენ

მუზეუმის ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ისტორიული ტექსტებიდან, სადაც ჩანს, რომ იმპერატორობის დროს ელაგაბალუსმა ხალხს თავად მოუწოდა მისთვის ქალბატონი დაეძახებიათ, რადგან ის ქალი იყო. დიდი ხანია, რაც აკადემიაში აქტიურია დებატი იმპერატორ ელაგაბალუსის გენდერული იდენტობის შესახებ. 

ბრიტანული მუზეუმის პრესსპიკერის თქმით, ისტორიული პირების იმ ნაცვალსახელებით მოხსენიება, როგორც ეს მათ ერჩივნათ, უბრალოდ ზრდილობის და პატივისცემის გამოვლინებაა. 

ჩრდილოეთ ჰერთფორდშირის მუზეუმი ელაგაბალუსის პირადი ნივთების კოლექციას ფლობს, მათ შორის მისი იმპერატორობის წლებში მოჭრილ მონეტებს. 

იმპერატორი ელაგაბალუსი, იგივე მარკუს აურელიუს ანტონიუსი, რომის იმპერიას ა.წ. 218-222 წლებში მართავდა. მან სახელი ელაგაბალუსი არაბულ-რომაული მზის ღმერთის ელაგაბალის გამო მიიღო, რომლითაც მან პანთეონში იუპიტერის უმაღლესი ღვთაება ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ელაგაბალუსი მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იყო იმპერატორი, მისი მმართველობის პერიოდი იმპერატორის სექსუალური ცხოვრების გამო საკმაოდ კონტროვერსიული იყო.

ელაგაბალუსის თანამედროვე სენატორი კასიუს დიო ისტორიულ ქრონიკებში წერს, რომ ელაგაბალუსი სულ 5-ჯერ იყო დაქორწინებული, ოთხ ქალზე და ერთ მამაკაც მონაზე, იერკოლესზე. კასიუს დიოს ცნობით, მის ბოლო ქორწინებაში იმპერატორი ელაგაბალუსი მოიხსენიებოდა, როგორც ცოლი, ქალბატონი და დედოფალი. 

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის შუშმა მალიკის თქმით, ისტორიკოსები ითვალისწინებენ იმ მტრულ გარემოს, სადაც ელაგაბალუსი ცხოვრობდა და შესაბამისად, ისტორიულ მასალებს მიუკერძოებელ წყაროებად ვერ განიხილავენ. მისი თქმით, ამ პერიოდში ფემინური ენა და ნიშნები შესაძლოა გამოკვეთილი ყოფილიყო პოლიტიკური ფიგურის გასაკრიტიკებლად და გავლენის შესამცირებლად. 

"შენიშვნები ელაგაბალუსის მიერ მაკიაჟისა და პარიკების ტარების და სხეულის თმის მოშორების შესახებ შესაძლოა არაპოპულარული იმპერატორის ძირის გამოსათხრელად დაეწერათ" - ამბობს შუშმა მალიკი. 

კომენტარები