გოგა რაზმაძის საქმე

ომბუდსმენი რაზმაძეზე: ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას გამოკვეთდა

სახალხო დამცველის აპარატი

ლევან იოსელიანმა სამსახურიდან გათავისუფლებული შსს-ის თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატისთვის არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც რაზმაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას გამოკვეთდა. ომბუდსმენი რაზმაძეს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს სახალხო დამცველის აპარატის გადაწყვეტილება. 

"წარმოება შეწყდა მარტივი მიზეზის გამო, მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების ის სტანდარტი, რომელიც მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას გამოკვეთავდა. ჩვენ მოვუწოდეთ გოგა რაზმაძეს, რომ გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ. მას დღემდე არ გამოუქვეყნებია. თუ გამოაქვეყნებს, საზოგადოება ნახავს რამდენად არის, თუ არ არის დასაბუთებული ჩვენი გადაწყვეტილება. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მე არ ვერევი ჩემი სპეციალისტების გადაწყვეტილებებში" - თქვა სახალხო დამცველმა. 

11 ნოემბერს, გოგა რაზმაძემ დაწერა, რომ "რამდენიმე თვიანი ბრძოლა დასრულდა" და ის შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს, თავის მხრივ კი, გენერალური ინსპექცია დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას.

მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა რაზმაძის საქმის წარმოება შეწყვიტა კოალიციამ თანასწორობისთვის  განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციელ გოგა რაზმაძის საქმეზე სახალხო დამცველის გადაწყვეტილება შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევებზე არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებს, "რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ განმცხადებელს, არამედ აუარესებს დასაქმებულ პირთა შრომით მდგომარეობას“. 

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 12 ივლისს გაავრცელა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

ამავე დღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატმა გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო.

რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.

28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა.  უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

10 აგვისტოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რაზმაძეს მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. რაზმაძემ საგამოძიებოს უპასუხა და დაწერა, რომ თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო სამსახურში და დააფიქსირა მზაობა გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე. მისივე თქმით, როდესაც მივიდა უწყებაში, გამოძიება ჯერ დაწყებული არ იყო. 

30 ოქტომბერს გოგა რაზმაძემ თქვა, რომ მისი საქმის წარმოება ლევან იოსელიანმა შეწყვიტა. მისივე თქმით, სახალხო დამცველმა საქმის განხილვისას არცერთი მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, კერძოდ, არ გამოიკითხა არცერთი მოწმე. ამასთანავე შსს-ს თანამშრომელი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი, რომელიც მოპასუხეს ეკისრება, მას, ანუ განმცხადებელს დააკისრა. 

შემდგომ, იოსელიანმა 1 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ რომ ომბუდსმენის მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.

კომენტარები