შსს

გოგა რაზმაძე: სახალხო დამცველმა ბატონმა ლევან იოსელიანმა შეწყვიტა ჩემი საქმის წარმოება

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გოგა რაზმაძის თქმით, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის საქმის წარმოება სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შეწყვიტა. ამის შესახებ რაზმაძე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში თავის პირად ანგარიშზე წერს.

მისი თქმით, ივლისში მანამ, სანამ მას შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარებდნენ და დამამცირებლად მოეპყრობოდნენ, მან მიმართა სახალხო დამცველს, თუმცა შესახვედრად ლევან იოსელიანმა ვერ მოიცალა. 

"ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს) სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს განიხილავდა. აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ ,,ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს". - წერს რაზმაძე. 

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველმა საქმის განხილვისას არცერთი მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, კერძოდ, არ გამოიკითხა არცერთი მოწმე, რომელიც რაზმაძის თქმით მოწმეები იყვნენ და არ გამოითხოვა ინფორმაცია ამ საქმისთვის. ამასთანავე შსს-ს თანამშრომელი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი, რომელიც მოპასუხეს ეკისრება, მას, ანუ განმცხადებელს დააკისრა. 

"გადაწყვეტილების "დასაბუთებისას" სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის და დეპარტამენტის დირექტორისა, გიორგი ოსაძის პოზიციების 100%, რომელთა გასაბათილებლად წარვადგინე დაახლოებით 500 გვერდი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა 1%-იც არ გაიზიარა ლევან იოსელიანმა". - წერია რაზმაძის პოსტში. 

რაზმაძის აზრით, სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შსს-ს ყველა თანამშრომელს აჩვენა, რომ აზრი არ აქვს სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე საუბარს და სიმართლისთვის ბრძოლას. 


გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 12 ივლისს გაავრცელა. რაზმაძის შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვდა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

ამავე დღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატმა გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო.

რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.

28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა.  უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

კომენტარები