გოგა რაზმაძის საქმე

რაზმაძე: ომბუდსმენი დამპირდა, რომ შემხვდებოდა, მოგვიანებით გაქრა და Facebook-ზე დამბლოკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგა რაზმაძის განცხადებით, სახალხო დამცველმა მისი საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, განმხილველი თანამშრომლები დააწინაურა.

რაზმაძის თქმით, იოსელიანი დაპირდა, რომ მას შეხვდებოდა, მაგრამ მოგვიანებით დაბლოკა.

რაზმაძე ასევე წერს, რომ ომბუდსმენის ოფისში მისი საქმის წარმოება ევალებოდა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის გარემოცვას.

"სახალხო დამცველმა, ჩემი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი რიგითი თანამშრომელი, ანა კვაჭაძე (ალექსანდრე დარახველიძის ცოლის მეგობარი), დააწინაურა, რის შედეგადაც ის მალევე გახდა დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნულის შემდეგ, ანამ შეწყვიტა კრიტიკული პოსტების გამოქვეყნება, მათ შორის, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით.

ჩემი საქმის მეორე ნაწილის (გამოხატვის თავისუფლების კომპონენტი) შესწავლა დაევალა ალექსანდრე დარახველიძის კურსელს, ლიკა წიკლაურს (სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი), რომლის ქმარი, ჩემი საქმის შესწავლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში დაასაქმა ალექსანდრე დარახველიძემ, კონკურსის გარეშე.

სახალხო დამცველი დამპირდა, რომ შემხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და თავის ფბ გვერდზე დამბლოკა კიდეც - წერს რაზმაძე.


გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 2023 წლის 12 ივლისს გაავრცელა. რაზმაძის შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვდა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

ამავე დღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატმა გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო.

რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.

28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა.  უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

30 ოქტომბერს კი დაწერა, რომ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მისი საქმის წარმოება შეწყვიტა.

 

კომენტარები