გაერო

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ რეზოლუციას

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მოწოდებითაც საჭიროა ღაზის სექტორში რამდენიმე დღით ჰუმანიტარული პაუზა საბრძოლო მოქმედებებზე, რათა მოხერხდეს საჭირო დახმარების ეფექტური მიწოდება.

რეზოლუციის ინიციატორი იყო მალტა, რომელიც ჰუმანიტარულ დერეფნებთან ერთად მოუწოდებს ჰამასს, გაათავისუფლოს მძევლები.

რეზოლუციას 12-მა სახელმწიფო დაუჭირა მხარი, რითიც ის გახდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხზე გაეროს მიერ მიღებული პირველი რეზოლუცია 2016 წლის შემდეგ.

აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელმწიფო ემხრობა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან მასში არ არის დაგმობილი ჰამასის ქმედებები. კენჭისყრაში მონაწილეობისგან ასევე თავი შეიკავა რუსეთმა, რადგან ტექსტში არ არის ნახსენები ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა. 

"არანაირი გამართლება არ არსებობს, თუ რატომ ვერ მოხერხდა ტერორისტული აქტების დაგმობა. მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ამ კონფლიქტს ბიძგი ჰამასმა მისცა". – თქვა აშშ-ს წარმომადგენელმა, ლინდა თომას გრინფილდმა.

7 ოქტომბერს ისრაელსა და ჰამასს შორის დაპირისპირების დაწყების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის მიღების 4 მცდელობა იყო, აქედან ერთი იყო ბრაზილიის მიერ, ერთი აშშ-ს, ხოლო 2 რუსეთის მიერ ინიცირებული. ვერცერთმა მათგანმა დასამტკიცებლად საჭირო ხმები ვერ მოიპოვა. 

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები