გაერო

გაერო დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების შესაჩერებლად გეგმას წარადგენს

© The Globe and Mail

გაერომ ინტერნეტში დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მასთან საბრძოლველად გეგმის შემუშავება დააანონსა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში ადამიანების 85%-მა შეშფოთება გამოხატა ონლაინ სივრცეში არსებული მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიმართ. მათი აზრით, დეზინფორმაციამ უკვე დააზიანა ქვეყნების პოლიტიკა. 

UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრი ოზულაის თქმით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების ახლანდელი სისწრაფე დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ერთიანობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. მან ასევე თქვა, რომ დეზინფორმაციის აკრძალვის პროცესში მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ისეთი სიკეთეები, როგორიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ან ადამიანის სხვა უფლებები და თავისუფლებებია. 

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 16 ქვეყნიდან 2.5 მილიარდმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ინტერნეტზე წვდომის მქონე პირების 56% ინფორმაციას სოციალური ქსელებით იღებს, 44% - ტელევიზიიდან, ხოლო 29 პროცენტი ონლაინ მედიის ვებ გვერდებიდან. რესპოდენტების 68%-ის თქმით, მცდარი ინფორმაცია ყველაზე მეტად გავრცელებულია სოციალური მედიის პლატფორმებში, 38%-ის თქმით კი – სასაუბრო აპლიკაციებში. გამოკითხვაში მონაწილეთა 67%-ის თქმით, მათ სოციალურ მედიაში უნახავთ ან წაუკითხავთ სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი. მათი 88% თვლის, რომ რეგულატორებმა და თავად სოციალურმა პლატფორმებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან.

ისინი აღნიშნავენ, რომ სიფხიზლის გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდშია. გამოკითხულთა 89% მოითხოვდა ხელისუფლებისა და მარეგულირებლისგან ჩარევას, ხოლო 91% თავად სოციალური ქსელებისგან ჩართულობას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი დემოკრატიას ეხება.

"ადამიანები, მიუხედავად მოქალაქეობის, სოციალური ფენის, ასაკის, განათლების თუ საცხოვრებელი ადგილისა, შეშფოთებას გამოხატავენ დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის გავრცელების შესახებ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. მათ სურთ [დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენასთან] ბრძოლაში ყველა აქტორი ჩართული იყოს" - თქვა გამოკითხვის მწარმოებელი კომპანიის IPSOS-ის წარმომადგენელმა მეთიუ გალარდმა. 

UNESCO-ს წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების საკონსულტაციო პროცესში 134 ქვეყნის 10 ათასამდე კონტრიბუტორი 18 თვის განმავლობაში იმუშავებს. 

კომენტარები