რუსეთი

მსჯავრდადებულების შეწყალების ერთი გზა დანაშაულის ფრონტზე სისხლით გამოსყიდვაა – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები უკრაინის ფრონტზე "სისხლით გამოისყიდიან თავიანთ დანაშაულს". ამის შესახებ პესკოვმა ერთ-ერთი მსჯავრდადებულის შესახებ რადიო კომერსანტის შეკითხვას საპასუხოდ ისაუბრა. კითხვა ეხებოდა ვერა პეხტელევას მკვლელობისთვის გასამართლებულ ვლადისლავ კონიუსს, რომელსაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის შემდეგ გაათავისუფლეს. 

ამასთან, პესკოვის თქმით, შეწყალების ორი გზა არსებობს. პირველი არის დანაშაულის აღიარება, რის შემდეგაც გადაწყვეტილებები ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის, რეგიონის, ფედერალური ოლქის, ცენტრალური კომისიის და პრეზიდენტის დონეზე მიიღება. მეორე გზაა, როცა მსჯავრდადებულები "სისხლით გამოისყიდიან დანაშაულებს ბრძოლის ველზე, თავდასხმის ბრიგადებში, ტყვიების ქვეშ, ჭურვების ქვეშ". გარდა ამისა, პესკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სამართლებრივ ნორმებს ეფუძნება "მეორე გზა".

კომენტარები