რუსეთთან ფრენების აღდგენა

უკრაინის ომიდან 3 კვირაში კარასინი და აბაშიძე ფრენების აღდგენაზე ლაპარაკობდნენ – ჩანაწერი

შეხვედრა აბაშიძე-კარასინის ფორმატში, [ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინი]

სოციალურ ქსელებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის და საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

2022 წლის 15 მარტით დათარიღებული ჩანაწერის მიხედვით, კარასინი აბაშიძეს ქართულ მხარესთან საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვის შესაძლებლობაზე ესაუბრება.

კარასინი: ზურაბ, გამარჯობა

აბაშიძე: გამარჯობა, როგორ ხარ?

კარასინი: არამიშავს, ნორმალურად. ვმუშაობ, ახლა ოფისში ვარ. მისმინე, შენი რჩევა მჭირდება, როგორც იცი, სიტუაცია რთული და მრავალფეროვანია. ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა. ასევე, ისმის მოსაზრებები, რომ სახმელეთო საგზაო კავშირებიც უნდა აღდგეს და ა.შ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხების წამოწევა და განხილვა ჯერ ნაადრევია. შეიძლება ვცდები?

აბაშიძე: არა, მართლი ხარ. აბსოლუტურად მართალი.

კარასინი: საჭიროა, რომ ცოტა მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება.

აბაშიძე: დიახ, დიახ.

კარასინი: წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კარგ წამოწყებებს დასაწყისშივე დავმარხავთ.

აბაშიძე:  ჰო, ჩვენ ახლა აქ სამართებლის პირზე დავდივართ.

კარასინი: ჰო, ესე იგი ჩვენ ამ საკითხში ვთანხმდებით.

აბაშიძე: დიახ, დიახ, სჯობს ცოტა მოვიცადოთ, ურაგანმა ჩაიაროს

კარასინი: კარგი, ზურაბ, თავს გაუფრთხილდი და შენებს მოკითხვა გადაეცი.

აბაშიძე: ასევე, ასევე.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მაისიდან მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები