რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის ორივე დრონი გავანადგურეთ – უკრაინა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

31 ოქტომბრის ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის ორი დრონით და Kh-59-ის რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორივე დრონის განადგურება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინაზე 7 სარაკეტო და 90 საჰაერო იერიში მიიტანეს. ამასთან, სარაკეტო სისტემებით დაბომბეს უკრაინელი სამხედროების პოზიციები და დასახლებული ტერიტორიები.

გარდა ამისა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების 110 დასახლებაში. 

საჰაერო იერიშების შესახებ ინფორმაცია მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმაც გაავრცელეს.

მიკოლაივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, 31 ოქტომბრის ღამით უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა Shahed-136/131-ის ტიპის დრონი მიკოლაივში გაანადგურეს. 

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეუგბოვის თქმით, რუსებმა ორჯერ დაბომბეს ქალაქი ვოვჩანსკი. ამავე ინფორმაციით, დაზიანდა კერძო საწარმოს შენობა, კერძო სახლი, ავტოფარეხი და ავტომობილი. როგორც სინეუგბოვმა აღნიშნა, ოკუპანტების იერიშის მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი ლისაკმა თქვა, რომ გასულ საღამოს რუსეთმა მძიმე არტილერიით იერიში მიიტანა ნიკოპოლის რაიონზე, ხოლო მოგვიანებით რაიონის ცენტრს სამჯერ დაესხა თავს. 

კომენტარები