ოკუპირებული აფხაზეთი

რიკეტსი: საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ძალის დემონსტრაცია

სენატორი რიკეტსი

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. მოსმენაზე რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ პიტერ რიკეტსმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უნდა დაგმოს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა.

"შავი ზღვა ხდება გრავიტაციული ცენტრი ევროპის მომავლისთვის და ამავდროულად არის მნიშვნელოვანი სცენა დიდი ძალების შეჯიბრში რუსეთს, ჩვენსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. პუტინის უკანონო ომმა უკრაინაში რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის ფრონტის ხაზის ნაწილი. პუტინი არაფერს ისურვებდა იმაზე მეტად, შავი ზღვა რუსეთის ტბად ექცია, მისი საჰაერო სივრცე კი – არასაფრენ ზონად. უკრაინის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ყირიმში, სევასტოპოლის პორტზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკან დახევა აიძულა და მათი საზღვაო დომინაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, იმდენად, რომ ახლა აფხაზეთში, ახალი საზღვაო ბაზისთვის, სეპარატისტი მეგობრების დახმარების იმედი აქვთ. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალის დემონსტრაცია". – თქვა რიკეტსმა.

ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

23 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსები აქტიურად მუშაობენ, გააღრმავეს ფსკერი და განაახლეს ინფრასტრუქტურა.

25 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გახსნასთან დაკავშირებით თქვა, რომ "მათ ყველგან მისწვდებიან".

ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები