IDFI-ის კვლევა

IDFI: 2020–2022–ში თანამდებობის პირებმა 18,6 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი-ს (IDFI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისი ოჯახის რომელიმე წევრმა 2020-2022 წლის განმავლობაში ჯამურად 27,8 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღო. 

ანგარიშის მიხედვით, უშუალოდ თანამდებობის იმ პირების მიერ, რომლებსაც დეკლარაციის შევსების ვალდებულება გააჩნიათ, მიღებული საჩუქრები 18,6 მილიონ ლარის ღირებულებას შეადგენს, ხოლო - თანამდებობის პირების ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების ღირებულება 9,2 მილიონი ლარია. 

კვლევაში წერია, რომ მაღალჩინოსნებმა მიღებული საჩუქრების 90% (25.1 მილიონი) ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიიღეს, ხოლო 8% (2.1 მილიონი) მიიღეს ისეთი ნათესავებისგან, რომელთაგან მათ კანონით ეკრძალებათ საჩუქრის მიღება, 2% (0.6 მილიონი) კი მეგობრებისგან, სამსახურისგან ან სხვა წყაროსგან.  

საჩუქრებს შორის 16.6 მილიონი ლარი ფულადი სახით არის მიღებული, 9.1 მილიონი უძრავი ქონების, ხოლო 2.1 მილიონი ავტომობილებისა და სხვა ნივთების სახით. 

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი საჩუქარი ძალოვანი უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს. ამასთანავე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, (300 000 ლარი) აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებს შორის, მიღებული საჩუქრების სიდიდით მე-18 ადგილზეა. 

კომენტარები