IDFI-ის კვლევა

IDFI: მინისტრების მრჩევლების ნაწილი ნაკლებად კომპეტენტურია

საჯარო სამსახურში არაერთი მრჩევლის პოზიციას ნაკლებად კომპეტენტური პირები იკავებენ, რაც ბადებს ნეპოტიზმის საფუძვლიან ეჭვს, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სტატიაშია ნათქვამი.

IDFI კვლევის ფარგლებში შეეცადა გაერკვია, თუ ვისგან იღებენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას რჩევებს, როგორია მრჩევლების სამუშაო გამოცდილება, რა მოვალეობები აკისრიათ და რამდენია მათი შრომითი ანაზღაურება.

IDFI-ის სტატიაში წერია, რომ კვლევამ აჩვენა - საქართველოში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ მრჩეველთა ფუნქცია-მოვალეობების განსასაზღვრად.

„მინისტრის/მინისტრის მოადგილის მრჩევლის სამუშაო აღწერილობების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ რიგ სამინისტროებში მინისტრის მრჩეველს იგივე ფუნქცია აკისრია, რის შესასრულებლადაც ამავე უწყებაში ცალკე დეპარტამენტია შექმნილი. მრჩევლები ზოგიერთ სამინისტროში თანაშემწის მოვალეობას ასრულებენ ან მათი ფუნქციები გადაზრდილია ტექნიკური პერსონალის ფუნქციებში, რაც საჯარო დაწესებულების რესურსების არაეფექტურ გამოყენებაზე მიანიშნებს“, - ნათქვამია სტატიაში.

კვლევის მიხედვით, IDFI ასკვნის, რომ არის შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებაში მრჩევლების ფუნქცია-მოვალეობები საერთო ან/და ძალიან ზოგადია ყველა მრჩევლისთვის.

„მაგალითად: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს 2014 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით სამი მრჩეველი ჰყავს. სამივე მათგანს კონსულტაციის გაწევასთან ერთად ევალება ისეთი ზოგადი ფუნქციების შესრულება, როგორიცაა სამინისტროს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, ახალი ინიციატივების წარმოჩენა, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე დასწრება ან საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნვა“, - წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე წერია, რომ ანალიზის შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციას რიგ შემთხვევებში მცირე სამუშაო გამოცდილების მქონე ან ნაკლებად კომპეტენტური პირები იკავებდნენ. რთულია იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, თუ რა ნიშნით შეირჩევიან ისინი მრჩევლებად, რაც ბადებს ნეპოტიზმის საფუძვლიან ეჭვს.

„მაგალითად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა, ელგუჯა ხორკიშვილმა მრჩევლებად 2014 წლის ივლისსა და სექტემბერში სამი პირი დანიშნა. სამივე მათგანი მანამდე მუშაობდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ასევე მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე, სწორედ იმ პერიოდში, როცა აღნიშნულ უწყებას თავად ელგუჯა ხოკრიშვილი ხელმძღვანელობდა. ამასთან, აღნიშნული მრჩევლებიდან ერთ-ერთი, 2013 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, დასაქმებული იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, სადაც ელგუჯა ხოკრიშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. მინისტრ ხორკიშვილის ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მრჩეველი 1990 წელსაა დაბადებული, მეორე მრჩეველი კი - 1991 წელს. შესაბამისად, მათ 24 და 23 წლის ასაკში მათ უკვე ორ უწყებაში მოასწრეს მინისტრის მრჩევლობა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა გედევან ფოფხაძის ძმა, ისტორიკოსი ბესიკ ფოფხაძე. შსს სასაზღვრო პოლიციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის, ზურაბ გამეზარდაშვილის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ებრაული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის შვილი, დიმიტრი ჯაველიძეა (ამომრჩეველთა ერთიან სიაში ელიზბარ ჯაველიძე და დიმიტრი ჯაველიძე ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულები)“, - წერია სტატიაში.

IDFI-ის სტატიის მიხედვით, მინისტრების რამდენიმე მრჩეველი შესაძლოა ე.წ. ოდეერი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი უსაფრთხოების საკითხებში) იყოს.

IDFI-ის კვლევის მიხედვით როგორც ირკვევა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩეველი (2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით) გიორგი მეზვრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლები ზურაბ გეგუჩაძე (2014 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით) და დავით ღონიაშვილი (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით), ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) გიორგი უკლება შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ დასაქმებულნი. აღნიშნული დგინდება მათ მიერ ბოლო წლებში შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებიდან.

ზემოხსენებული კვლევის საფუძველზე IDFI-ის მიაჩნია, რომ აუცილებელია კონკრეტულად განისაზღვროს მრჩევლების ფუნქცია-მოვალეობები სახელმწიფო უწყებებში. მრჩევლები ექსპერტის ფუნქციას უნდა ასრულებდნენ იმ მიმართულებით, რაშიც, შესაძლოა, ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელს არ ჰქონდეს სპეციფიკური ცოდნა და კვალიფიკაცია და აქედან გამომდინარე, მრჩევლების დახმარება აუცილებელი იყოს მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის. უწყების ხელმძღვანელის თითოეული მრჩევლის ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო მიმართულებები მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან. ამასთან, მრჩევლები თანამდებობებზე ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდნენ, რათა მოხდეს ნეპოტიზმის შემთხვევების პრევენცია.

კომენტარები