IDFI-ის კვლევა

რუსული კაპიტალი საქართველოში – IDFI-ის კვლევა

townnews.com

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიმოხილულია საქართველოს სატელეკომუნიკაციო, საბანკო და ენერგეტიკული სექტორი. ანგარიში შეეხება რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროს, მათ შორის ელექტროენერგიის, ნავთობისა და გაზის დარგებს. 

IDFI-ის კვლევაში საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე მოქმედი აქტორები წილებს რუსულ კომპანიებშიც ფლობენ. ასევე, კვლევაში მოყვანილია მაგალითები, სადაც მმართველ პარტიასა და კომპანიებს შორის შესაძლო კავშირზეა საუბარი. 

კერძოდ, 2022 წლის 31 მარტის აქციონერთა კრების შედეგად თელასის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კობა ღურცკაია, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 2016, 2017 და 2018 წლებში აქტიურად აფინანსებდა ქართულ ოცნებას. ჯამში, პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის, 180 ათასი ლარი აქვს შეწირული. 

"კობა ღურწკაია არის შპს ვინის ერთადერთი მფლობელი, აღნიშნული კომპანია, თავის მხრივ, შპს ჯი ენ ელის 75%-ს ფლობს. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად, შპს ჯი ენ ელს 5 მილიონ აშშ დოლარად 10 წლით, 2027 წლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიეცა. ტენდერში სხვა კომპანია არ მონაწილეობდა". - წერია ანგარიშში. 

IDFI წერს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი  5 კომპანიიდან 4. ესენია: სან პეტროლიუმ ჯორჯია, ლუკოილ ჯორჯია, ვისოლი და სოკარი.

კვლევაში ნათქვამია, რომ რუსულ კომპანიას, ლოკოილს აშშ-მ 2022 წლის იანვარში სანქციები დაუწესა, რომელთა მიზანი კომპანიის ნავთობის პროექტების შეზღუდვა იყო.

როგორც ცნობილია, 2017 წელს ლოკოილ ჯორჯიას დირექტორის მოადგილის თანამდებობას ლოჯისტიკის მიმართულებით 2017 წელს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იკავებდა.

რაც შეეხება სან პეტროლიუმ ჯორჯიას, მისი მფლობელი 2012 წლამდე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2013 ანგარიშის თანახმად, მთავრობის შეცვლის შემდეგ რამდე­ნიმე სარეკლამო და ენერგოკომპანიამ, რომლებსაც ოფშორულ ზონაში რეგისტრი­რებული კომპანიები ფლობენ (რეალურად ამ კომპანიებს დავით კეზერაშვილი ან მასთან დაახლოებული პირები აკონტრო­ლებენ), მფლობელები შეიცვალა. როგორც ჩანს, ამ კომპანიებიდან რამდენიმე თბი­ლისში დაბადებულმა რუსმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა.

ასევე, IDFI-ის ცნობით, პეტროკას ენერჯი ჯორჯიას წილების 49%-ს 2014 წლიდან რუსული ენერგოკომპანია როსნეფტი ფლობს. ეს კომპანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში საქმიანობდა. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პეტროკას ენერჯი ჯორჯიას დედა კომპანია კვიპროსშია რეგისტრირებული, ხოლო მისი დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.

“მას მჭიდრო კავშირი აქვს რეჟიმთან, რომელმაც მოამზადა და აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინა­აღმდეგ, რომელშიც ჩადენილია დანაშა­ული კაცობრიობის წინააღმდეგ. ის 2018 წლის 26 დეკემბერს იყო კრემლში, რუსე­თის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვე­დრაზე, რომელზეც განიხილეს საკითხები სახელმწიფოს ეკონომიკასთან დაკავში­რებით. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებე­ლია მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭე­რაზე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტე­რიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.” - წერია უკრაინულ პლატფორმაზე - ომი და სანქციები.

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები