ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ადასტურებს, რომ ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შეუშვეს

სატვირთო მანქანას ჰუმანიტარული დახმარება რაფას გამშვები პუნქტიდან ღაზის სექტორში შეაქვს. 2023 წლის 22 ოქტომბერი.
AP Photo/ Mohammed Asad

ისრაელმა დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფას გამშვები პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარება შეუშვა. ამას წინ უძღოდა აშშ-ს თხოვნები, დაეშვათ დახმარება ბლოკადაში მოქცეულ ტერიტორიაზე.

"ამერიკის ადმინისტრაციის თხოვნის საფუძველზე და პოლიტიკური ეშელონის ინსტრუქციების შესაბამისად, გაეროს გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც მოიცავდა მხოლოდ წყალს, საკვებსა და სამედიცინო ნივთებს დღეს ღაზის სექტორში რაფას გამშვები პუნქტის გავლით, ეგვიპტიდან შევიდა". – ნათქვამია ტერიტორიებზე მთავრობის აქტიურობის კოორდინატორის განცხადებაში.

უწყებამ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ღაზაში შეტანამდე ტვირთი შეამოწმეს.

The Times of Israel-ის ანონიმური წყარო თავდაცვის სფეროდან ამბობს, რომ ისრაელი ნებას დართავს ღაზის სექტორზე შეიტანონ საკვები, წყალი და მედიკამენტები, მაგრამ არა საწვავი. ეს დახმარება რაფას გამშვები პუნქტიდან შევა და განკუთვნილი იქნება მშვიდობიანი პალესტინელებისთვის. როგორც წყარომ აღნიშნა, შეუთანხმებელი პროდუქტების ღაზაში შეტანის მცდელობები აღკვეთილი იქნება.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები