არჩევნები პოლონეთში

პოლონეთში არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა, ტუსკი მმართველობის გადაბარებას ელოდება

პოლონეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. პირველ ადგილზე გასულმა მმართველმა პარტიამ კანონი და სამართლიანობა ხმების 35.4% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამოქალაქო კოალიციამ 30.7%, მესამე ძალამ - 14.4%, ახალმა მემარცხენეებმა - 8.6%ხოლო კონფედერაციამ - 7.2%.

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კანონი და სამართლიანობა პარლამენტის ქვედა პალატაში 194 მანდატს მიიღებს, სამოქალაქო კოალიცია 157-ს, მესამე გზა 65-ს, ახალი მემარცხენეები 26-ს, კონფედერაცია კი 18-ს.

შედეგები ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად იაროსლავ კაჩინსკის პარტიას სეიმში უმრავლესობის შესაქმნელად მანდატები არც დამოუკიდებლად და არც ულტრამემარჯვენე კონფედერაციასთან კოალიციით არ ეყოფა.

წინასაარჩევნოდ დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიცია, ცენტრისტული მესამე გზა და ახალი მემარცხენეები საჭირო რაოდენობის მანდატების დაგროვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. არჩევნების შედეგად ზემოხსენებულმა გაერთიანებებმა ჯამში 248 მანდატი მოიპოვეს, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისია.

ამავდროულად, ოპოზიციურმა ძალებმა უმრავლესობის მოპოვება შეძლეს პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატაშიც. სენატში მათ ჯამში 66 მანდატი მოიპოვეს, კაჩინსკის პარტიამ კი - 34.

ახლა პოლონელები ქვეყნის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ელოდებიან, რომელმაც პრემიერმინისტრის კანდიდატურა ოფიციალურად უნდა წარადგინოს. კანდიდატურა ყველასთვის ცნობილია – სამოქალაქო კოალიციის ლიდერი, დონალდ ტუსკი, რომელიც ამ პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა.

"მივმართავ პრეზიდენტს, ხალხი ელოდება პირველ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, მოვუწოდებ პრეზიდენტს ენერგიული და სწრაფი გადაწყვეტილებებისკენ. გამარჯვებული დემოკრატიული პარტიები მზად არიან, აიღონ ქვეყნის მმართველობის პასუხისმგებლობა". - ამბობს ტუსკი Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტის ახალი შემადგენლობით პირველი სესია არჩევნებიდან 30 დღის განმავლობაში [14 ნოემბრამდე] უნდა მოიწვიოს. ამის შემდეგ პრეზიდენტს 14 დღე აქვს პრემიერმინისტრის კანდიდატის წარსადგენად, შემდეგი 14 დღე კი კანდიდატს - პარლამენტში თანამდებობაზე დამტკიცებისთვის საჭირო ხმების მოსაპოვებლად. ახალი მთავრობის საბოლოო ფორმირებამდე პრემიერისმინისტრის პოსტზე მოვალეობის შემსრულებლის როლში მატეუშ მორავიეცკი დარჩება.

დონალდ ტუსკის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს პოლონეთში დემოკრატიული სტანდარტების აღდგენას დაპირდნენ. თუმცა, იაროსლავ კაჩინსკის პარტიის მიერ გატარებული რეფორმების შეცვლა მარტივი არ იქნება. სასამართლო სისტემის მნიშნელოვანი ნაწილი კანონისა და სამართლიანობის მიერ არჩეული მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც შეუძლიათ ახალ რეფორმებს ხელი შეუშალონ. ამავდროულად, 2025 წლამდე პრეზიდენტის პოსტზე რჩება კაჩინსკის პარტიის წარმომადგენელი, ანდჟეი დუდაც, რომელსაც ვეტოს დადების უფლება აქვს.

ამის მიუხედავად, პოლონელი ამომრჩევლები იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლება პოლონეთში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს, პირველ რიგში კი - ეს ევროკავშირთან ურთიერთობას ეხება.

კანონისა და სამართლიანობის 8-წლიანი მმართველობის დროს პოლონეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა წლიდან წლამდე უარესდებოდა. საბოლოოდ, ევროკავშირმა პოლონეთს დაძაბული ურთიერთობის ფონზე 75 მილიარდი ევროს მიღება გაუყინა. ამის ძირითად მიზეზად კი, სწორედ მმართველი პარტიის მიერ სასამართლოების მათდამი ლოიალური მოსამართლეებით დაკომპლექტება სახელდებოდა.

დონალდ ტუსკი, რომელიც პოლონეთის პრემიერობის შემდეგ 5 წლის განმავლობაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ამომრჩეველს ევროკავშირთან ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას და კუთვინილი 75 მილიარდი ევროს მიღებას დაპირდა.

კომენტარები