არჩევნები პოლონეთში

პოლონეთი ისტორიული არჩევნების მოლოდინში

არჩევნები პოლონეთში

პოლონეთი ისტორიული არჩევნების მოლოდინში

15 ოქტომბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. თუ მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ნაციონალისტური კანონი და სამართლიანობა პირველი პოლონური პარტია გახდება, რომელიც ხელისუფლებაში ზედიზედ მესამე ვადით მოვა.

ბოლო წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, რომ კანონი და სამართლიანობა, მცირე ზომის პოლიტიკურ მოკავშირეებთან, დამოუკიდებელ პოლონეთთან და რესპუბლიკელებთან ერთად ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა, მათი უპირატესობა მთავარ ოპოზიციურ დაჯგუფებასთან - ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმასთან შემცირებულია.

პოლიტიკური ოპონენტები იაროსლავ კაჩინსკი (კანონი და სამართლიანობა) და დონალდ ტუსკი (სამოქალაქო პლატფორმა) წინასაარჩევნოდ თითქმის ვერაფერზე თანხმდებიან, გარდა იმისა, რომ კომუნიზმის დამარცხების შემდეგ ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ არჩევნებში ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბარიერის გადალახვას შეძლებენ, კოალიციების სახით მონაწილეობენ. პარლამენტში შესვლისთვის ბარიერი დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის 5%-იანია, კოალიციისთვის კი - 8%-იანი.

მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა სატელიტ პარტიებთან: რესპუბლიკელებთან, სუვერენულ პოლონეთთან, პოლონეთის რესპუბლიკის განახლებასთან და პოლონეთის სახალხო პარტიასთან ერთად კოალიცია გაერთიანებული მემარჯვენეების წევრია.

გაერთიანება 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და ხელისუფლებაში მოვიდა.

კოალიციის წევრები პოპულისტური, ნაციონალისტური და კონსერვატიული იდეების ირგვლივ არიან გაერთიანებულები.

2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალიანსმა იმაზე მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე წინა არჩევნებში, თუმცა, კონფედერაციისა და მემარცხენეების გამოჩენისა და ოპოზიციური გაერთიანებების სენატში წარმატებული კოოპერაციის შედეგად სეიმში ადგილების რაოდენობის გაზრდა ვერ შეძლო, სენატში კი უმრავლესობა დაკარგა.

ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსვლის შემდეგ გაერთიანებულ მემარჯვენეებს პოლიტიკური ოპონენტები სასამართლო სისტემის მთავრობის ინტერესებზე მორგებაში, სახელმწიფო მედიის პროპაგანდისთვის გამოყენებასა და ჰომოფობიის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

გაერთიანებული მემარჯვენეები ამბობენ, რომ მათი მიზანია, სასამართლო სისტემა გახდეს უფრო ეფექტიანი, ეკონომიკა კი უფრო სამართლიანი. ამავდროულად, კაჩინსკის კოალიცია პოლონელ ხალხს ჰპირდება, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა "პოლონეთის კათოლიკური ხასიათი დასავლეთის ლიბერალური ზეწოლისგან დაიცვას".

ადგილობრივი პოლიტიკური ანალიტიკოსი, ანდჟეი ბობინკსი აღნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც კი მათი გატარებული პოლიტიკის შემობრუნება რთული იქნება, რადგან კანონის და სამართლიანობის წევრია ქვეყნის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდაც, რომელიც თანამდებობაზე მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება, საკონსტიტუციო სასამართლო კი ხელისუფლების მიმართ ლოიალური მოსამათლეებით არის შევსებული, შესაბამისად, გაერთიანებულ მემარჯვენეებს კანონმდებლობაში ცვლილებების დაბლოკვის გზა კვლავ დარჩებათ.

ამასთან, გაერთიანებული მემარჯვენეები, რომელთა ამომრჩეველიც მეტწილად ასაკოვანი და პატარა ქალაქებში მცხოვრები, შედარებით ღარიბი მოქალაქეები არიან, იმედოვნებენ, რომ ელექტორატის მობილიზებას მათი ყველაზე პოპულარული სუბსიდირების პროგრამის 60%-იანი ზრდით შეძლებენ - 800 ზლოტი (193 აშშ დოლარი) თითო ბავშვზე.

სუბსიდირების პროგრამა ამომრჩეველს კაჩინსკის კოალიციამ თავდაპირველად 2015 წელს წარუდგინა - 500 ზლოტი თითო ბავშვზე. პარტიის განმარტებით, სუბსიდირება აუცილებელია ოჯახების დასაცავად და ღარიბებისთვის "ღირსების" დასაბრუნებლად.

პროგრამასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კიდევ ერთი პრეტენზია ის არის, რომ გაერთიანებულმა მემარჯვენეებმა არჩევნების თარიღი აგვისტოში გამოაცხადეს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიისთვის სამ თვეზე ნაკლები დრო დარჩა. არაოფიციალურად კამპანია თვეებით ადრე იყო დაწყებული, სუბსიდიის პროგრამის განახლებაც სწორედ ამ დროს მოხდა, თანხები კი ბიუჯეტიდან დაიხარჯა, რომელზეც ოპოზიციას წვდომა არ აქვს. 

გარდა ამისა, გაერთიანებული მემარჯვენეები საკუთარ თავს ეროვნული უსაფრთხოების გარანტორად აცხადებენ და ამის დასტურად ყურადღებას დიდი რაოდენობით სამხედრო ეკიპირების შეძენასა და ანტი-იმიგრაციულ პოლიტიკაზე ამახვილებენ.

პარალელურად, კოალიცია პოლონელ ამომრჩევლებში ანტიგერმანული სენტიმენტის გაღვივებას ცდილობს. კაჩინსკი დონალდ ტუსკს "ბერლინიდან მართულად" მოიხსენიებს.

მანიპულაციის მსხვერპლი გახდა გერმანელი ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი, რომელმაც გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში პოლონეთის ხელისუფლებას "ოპონენტი" უწოდა. პოლონურმა სამთავრობო მედიამ კი თარგმანში ზემეხსენებული სიტყვა "მტრით" ჩაანაცვლა და მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ვებერის "სიტყვებს" ვიდეოგანცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ვებერმა მათ მტრები უწოდა. ვებერი კი სატელევიზიო დებატებში გამოიწვია. EPP-ის პრეზიდენტმა გამოწვევა არ მიიღო.

"მან ჩვენ მტრებად მოგვიხსენია. ეს არ არის პირველი ასეთი განცხადება. საკმარისია!" - ამბობდა მორავიეცკი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პოლონეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ევროსკეპტიკოსების "კონგრესს" უმასპინძლა, რომელშიც დიდწილად ნაციონალისტი და პრორუსი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ, მათ შორის, მარი ლე პენი, ვიქტორ ორბანი და სანტიაგო აბასკალი.

პრორუს პოლიტიკოსებთან ურთიერთობის მიუხედავად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პოლონეთი ითვლებოდა უკრაინის მთავარ მხარდამჭერად როგორც სამხედრო დონეზე, ისე უკრაინელი მიგრანტების მიღების საკითხში. გასულ თვეში კი, პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობაში ბზარები გაჩნდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა და მათ შორის პოლონეთმა უკრაინას სატრანზიტო დერეფანი გაუკეთეს, რომლის მეშვეობითაც მარცვლეული ევროპის საზღვრებს გარეთაც ვრცელდებოდა. ტრანსპორტირების გასამარტივებლად ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულისთვის გააუქმა საბაჟო მოსაკრებელი.

შედეგად ევროპის ბაზარზე გაიზარდა უკრაინული მარცვლეულის წილი. 2021 წლის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი 27%-ს შეადგენდა, ერთ წელში ეს მონაცემი 55%-ს მიუახლოვდა. 

უშუალოდ პოლონეთში ექსპორტი 981 მილიონიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შედეგად, 1 ტონა ხორბლის ფასი 1500 ზლოტიდან 800-900 ზლოტამდე დაეცა. ამის გამო, მარცვლეულის ადგილობრივმა მწარმოებლებმა მასობრივ საპროტესტო აქციებს მიმართეს.

2 მაისს ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მაისიდან ივნისის ჩათვლით პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში უკრაინული ხორბალი, სიმინდი, რაფსი და მზესუმზირა აღარ შევიდოდა. მოგვიანებით შეთანხმება 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ქვეყნები ემბარგოს გაგრძელებას წლის ბოლომდე ითხოვდნენ, ევროკომისიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

2023 წლის 15 სექტემბერს უკრაინულ მარცვლეულზე ევროკავშირის მიერ დაწესებულ ემბარგოს ვადა გაუვიდა, თუმცა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა გადაწყვიტეს, რომ ევროკომისიის რჩევას არ გაითვალისწინებენ და უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააგრძელებენ.

კაჩინსკის კოალიციის მთავარი კონკურენტი დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა პარტია თანამედროვესთან, მწვანეებთან, პოლონურ ინიციატივასთან, კარგ მოძრაობასთან და AGROunia-სთან ერთად სამოქალაქო კოალიციის წევრია.

სამოქალაქო კოალიცია, რომელიც ცენტრისტულ-მემარცხენე და ცენტრისტულ-მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიებს აერთიანებს, 2018 წელს შეიქმნა. 2021 წელს კი, პოლონურ პოლიტიკაში ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი დაბრუნდა და კოალიციის ლიდერად მოგვევლინა.

სამოქალაქო კოალიციის იდეოლოგია ძირითადად ლიბერალურ პრინციპებზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს პოლონეთში ლიბერალური დემოკრატიის შენარჩუნებას. ამავდროულად, გაერთიანება ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მტკიცე მხარდამჭერია.

სამოქალაქო კოალიცია აცხადებს, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, პოლონეთი "დემოკრატიულ საწყისებს დაუბრუნდება", მათ შორის, ხელისუფლების გავლენებისგან გაათავისუფლებს სასამარათლოსა და მედიას.

კოალიცია აცხადებს, რომ დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დაბრუნებით, პოლონეთი შეძლებს ევროკავშირის დაფინანსებაზე წვდომას.

ამავდროულად, ტუსკის კოალიცია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ დააბრუნებს ორსულობის მე-12 კვირამდე აბორტის გაკეთების შესაძლებლობას, რაც მოქმედმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, თითქმის შეუძლებლად აქცია.

ასევე, სამოქალაქო კოალიცია მკაცრად აკრიტიკებს მოქმედი ხელისუფლების უნარებს სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ამის მაგალითად ბელარუსული თვითმფრინავის მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთასა და პოლონურ ტყეში რაკეტის ნაწილის ჩამოვარდნას ასახელებს.

მიმდინარე წელს წინაასაარჩევნო პერიოდში კოალიციას კიდევ ერთი პარტია AGROunia შეუერთდა. დონალდ ტუსკმა კი ამ პარტიის ლიდერი, მიხალ კოლოძიეჩაკი საარჩევნო სიაში წარადგინა. AGROunia-ს ლიდერი ამ აქციების ერთ-ერთი წამყვანი სახე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტუსკი პოლონეთში ევროკავშირის პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა, როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ უკრაინიდან შემოტანილი მარცვლეულის ირგვლივ არსებული გამოწვევები პოლონელი ამომრჩევლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

სამოქალაქო კოალიციისთვის, რომლის მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი დიდ ქალაქებში მცხოვრები პოლონელები არიან, მნიშვნელოვანია ხმების მოპოვება მცირე ზომის ქალაქებსა და სოფლებშიც, სადაც დიდი უპირატესობა კანონს და სამართლიანობას აქვს. შესაბამისად, აგროკულტურული პროტესტის პოპულარული ლიდერის საარჩევნო სიაში შეყვანა მათთვის ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.

ამავდროულად, სამოქალაქო კოალიციის წევრი პარტიები მხარს უჭერენ უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ხელისუფლებას ამ შესაძლებლობის დაკარგვაში ადანაშაულებენ.

ტუსკის კოალიციამ უკანასკნელი გამოცდა 1 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჩააბარა. სამოქალაქო პლატფორმამ ვარშავის ქუჩებში მილიონამდე ადამიანის გამოყვანა შეძლო.

IBRIS/Onet-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის (27 სექტემბერი) მიხედვით, გაერთიანებული მემარჯვენეები ხმების 35.1%-ს მიიღებენ, სამოქალაქო კოალიცია კი - 27%-ს. 

რაც შეეხება დანარჩენ კოალიციებს, ცენტრისტულ-აგრარული მესამე გზა გამოკითხვაში ხმების 10.4%-ით მესამე ადგილს იკავებს. კოალიცია მემარცხენეები კვლევის მიხედვით 10.1%-ს აიღებს, ულტრამემარჯვენე და ლიბერტარიანული კოალიცია კონფედერაცია კი 9.5%-ს.

კოალიცია მესამე გზა არჩევნებამდე მხოლოდ 6 თვით ადრე, 2023 წლის აპრილში შეიქმნა. პოლიტიკური ჯგუფი 2019 წელს შექმნილი გაერთიანება პოლონური კოალიციისა და ცენტრისტული პარტია პოლონეთი 2050-ისგან შედგება.

კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და აგრარული იდეების ირგვლივ გაერთიანებული კოალიცის მიზანი მმართველი პარტიის, კანონი და სამართლიანობის ყოფილი მხარდამჭერების მომხრობა და მათთვის ცენტრისტული და ზომიერად კონსერვატიული პლატფორმის შექმნაა. 

საარჩევნო პროგრამაში მესამე გზა საბიუჯეტო შემოსავლის გაზრდაზე, სასკოლო სისტემის რეფორმაზე, კლიმატის პოლიტიკის ფარგლებში განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვასა და საგადასახადო სისტემის გამარტივებაზე საუბრობს.

ამავროულად, ალიანსის სურვილია, აბორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გამართოს და ამ გზით გაერთიანების წევრებს თავისუფლება დაუტოვოს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

კოალიციური გაერთიანებაა მემარცხენეებიც, რომელშიც ახალი მემარცხენეები, ერთად მარცხნივ, პოლონეთის სოციალისტური პარტია, ლეიბორისტული გაერთიანება და პოლონეთის სოციალ-დემოკრატები შედიან. მათი იდეოლოგია ძირითადად სოციალური დემოკრატიის პრინციპებზეა აგებული.

მემარცხენე კოალიცია, რომელიც არჩევნებში ტექნიკური მიზეზების გამო, ერთ-ერთი პარტიის ახალი მემარცხენეების სახელით იღებს მონაწილეობას, 2019 წელს შეიქმნა და ამავე წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 12.56%-ის აღება შეძლო.

მათი საარჩევნო პროგრამა მინიმალური ხელფასის გაზრდას, მედიკამენტებზე ზედა ჭერის დაწესებას, აბორტის ლიბერალიზაციას, სახელმწიფო ჯანდაცვის ხარჯების გაზრდას, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას, ასევე, სამინისტროების ნაწილის ვარშავიდან სხვა ქალაქებში გადატანას და გენდერული კვოტების დაწესებას ითვალისწინებს.

ამავდროულად, კოალიცია მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკასთან პოლონეთის კიდევ უფრო დაახლოებას.

კონფედერაცია, თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი საკუთარ რიგებში ნაციონალურ მოძრაობას, ახალ იმედს, პოლონური გვირგვინის კონფედერაციას, მძღოლთა პარტიას, ქრისტიანული ოჯახების გაერთიანებასა და ეროვნულ ლიგას აერთიანებს.

ულტრამემარჯვენე და ლიბერტარიანული კოალიცია კონფედერაცია პოლონურ პოლიტიკაში 2018 წელს გამოჩნდა. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 6.8% მოიპოვა და პოლონეთის სეიმში (ქვედა პალატა) 11 დეპუტატის შეყვანა შეძლო. მომავალი არჩევნების წინ კი გაერთიანებამ საერთო სია წარადგინა და პოლიტიკურ ალიანსად დარეგისტრირდა.

პარტიის იდეოლოგია ნაწილობრივ ლიბერტარიანულ პრინციპებზეა აგებული: დაბალი გადასახადები და სახელმწიფოს ლიმიტირებული ჩარევა ეკონომიკაში, თუმცა, ამავდროულად, კონფედერაციის საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ მათი მიზანია "პოლონეთში ეთნოკრატია დამყარდეს და კულტურულად ჰომოგენური ერი ტრადიციონალისტურ-კათოლიკურ პრინციპებზე დაფუძნდეს".

ამასთან, ალიანსი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირისა და პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების მიდგომებს არალეგალი მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით. პარალელურად, კონფედერაცია ხელისუფლებას მხარს უჭერს აბორტის ტექნიკურად სრულად აკრძალვაში.

ამასთან, ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების დროს კოალიციის კანდიდატმა, სლავომირ მენცენმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "ჩვენ არ გვსურს ებრაელები, ჰომოსექსუალები, აბორტი, გადასახადები და ევროკავშირი". მოგვიანებით, სლავომირ მენცენი ამ განცხადებისგან გამიჯვნას ცდილობდა.

ალიანსში შემავალი ერთ-ერთი პარტიის, KORWiN-ის თავმჯდომარემ, იანუშ კორვინ-მიკემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 55 წლის ასაკის შემდეგ უნდა მიეცეთ.

"ქალების არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ ვარ. ეს ბიოლოგიაა. ქალი, როდესაც 55 წლის ასაკს მიაღწევს და მისი ესტროგენები (ჰორმონი) მუშაობას შეწყვეტს, მხოლოდ ამის შემდეგ აღწევს ასაკს, როდესაც საბოლოოდ ხმის მიცემა შეუძლია". - თქვა კორვინ-მიკემ.

ამავე ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა, პროფესორმა რიშარდ ზაიონჩკოვსკიმ კი განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონელები კომუნისტებთან ერთად მომუშავე ებრაელების ხელით მოწყობილი გენოციდის სამიზნეები გახდნენ. ამავე ინტერვიუში, ზაიონჩკოვსკიმ აღნიშნა, რომ კომუნიზმი ფაშიზმზე გაცილებით უარესი იყო – ისეთი, რომ მასთან შედარებით აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი საზაფხულო ბანაკს წარმოადგენდა.

წინასაარჩევნო კვლევებით, კაჩინსკისა და ტუსკის პარტიები გამარჯვების შემთხვევაში ფუნქციური მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონეთის საარჩევნო კოდექსი დიდი პარტიების ინტერესებს უწყობს ხელს. მაგალითად, კანონი და სამართლიანონლბა მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება თუ ზემოხსენებული მცირე ზომის კოალიციებიდან ერთ-ერთი მაინც ბარიერს ვერ გადალახავს. ამ შემთხვევაში გამარჯვებული პარტიიდან პარლამენტში შემსვლელი დეპუტატების რაოდენობა პროპორციულად გაიზრდება.

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად იაროსლავ კაჩინსკის პარტიისთვის ყველაზე სავარაუდო გზა ულტრამემარჯვენე კონფედერაციასთან კოალიციის ჩამოყალიბებაა. მიუხედავად იმისა, რომ კონფედერაცია, როგორც კაჩინსკის, ასევე ტუსკის პარტიებთან კოალიციას გამორიცხავს, ადგილობრივი ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პოზიციაა მხარდამჭერთა თვალში პრინციპული პოზიციების გასამყარებლად. ექსპერტთა ნაწილი კი არჩევნების შემდეგ საჭირო რაოდენობის დეპუტატების კანონსა და სამართლიანობაში გადასვლასაც არ გამორიცხავს.

"კონფედერაციას არ აქვს არანაირი სურვილი, რომ კანონს და სამართლიანობას ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს ან დონალდ ტუსკის ხელისუფლებაში დაბრუნებას შეუწყოს ხელი. ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობას ეს არ სურს". - აღნიშნავს პარტიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, კჟიშტოფ ბოშაკი.

კოალიციაზე ფიქრი მოუწევს დონალდ ტუსკის პოლიტიკურ გაერთიანებასაც. გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ სამოქალაქო პლატფორმა შეთანხმებას მესამე გზასთან ან მემარცხენეებთან შეეცდება.

15 ოქტომბერს, არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც გაიმართება, სადაც პოლონელ ხალხს 4 კითხვას დაუსვამენ:

  • ხართ თუ არა მომხრე, გაიყიდოს სახელმწიფო ქონება უცხოელ ინვესტორებზე?
  • ხართ თუ არა თანახმა, გაიზარდოს საპენსიო ასაკი 67-წლამდე, როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის?
  • ხართ თუ არა მომხრე, მოიხსნას პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ბარიერი?
  • ხართ თუ არა მომხრე, მიიღოს პოლონეთმა ათასობით არალეგალი მიგრანტი ევროკავშირის მიერ დაწესებული იძულებითი რელოკაციის მექანიზმის შედეგად?

ოპოზიციური ძალების ნაწილი, მათ შორის, დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა ამომრჩეველს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადოს რეფერენდუმს. მათი მიზანია, რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა 50%-ზე დაბალი იყოს და ამ გზით შედეგები არავალიდურად გამოცხადდეს.

"არჩევნებში მონაწილეობისკენ მომართული კამპანიის წარმოება, რადგან თითოეული ხმა მნიშვნელოვანია და ამავდროულად, რეფერენდუმის ბოიკოტისკენ მოწოდება არცთუ მარტივი ამოცანაა". - ამბობს ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერი, ევა მარჩინიაკი.

იაროსლავ კაჩინსკის განმარტებით, რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელი გახდა, რათა გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმამ სახელმწიფო ქონების გერმანელი და სხვა უცხოელი ინვესტორებისთვის მიყიდვა ვერ შეძლოს.

"გერმანელებს პოლონეთის სათავეში დონალდ ტუსკის მოსვლა სურთ, რათა მათ ჩვენი ქონების შეძენა შეძლონ". - ამბობს კაჩინსკი.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, დონალდ ტუსკისა და მისი მომხრეების პოლიტიკური ველიდან გაძევებისთვის, მაისში პოლონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ფარგლებშიც იქმნებოდა კომისია, რომელიც 2007-2022 წლებში პოლონურ პოლიტიკაში რუსულ გავლენებს და ამ პერიოდში ქვეყნის ლიდერების ნაბიჯებს გამოიძიებდა. პოლიტიკოსი, რომელიც რუსული გავლენის ქვეშ და პოლონეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში ბრალდებული გახდებოდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებდა. 

ევროკავშირმა და აშშ-მ პოლონეთის პარლამენტის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს, რის შემდეგაც, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ინიციატივა უკან წაიღო. 

კომენტარები