არჩევნები პოლონეთში

პოლონეთის ოპოზიცია პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დონალდ ტუსკს უჭერს მხარს

დონალდ ტუსკი, პოლონეთის პარტია სამოქალაქო კოალიციის ლიდერი

პოლონეთის ოპოზიციური კოალიცია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მიიღო, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დონალდ ტუსკს უჭერს მხარს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მათ სურთ მთავრობის ფორმირება რაც შეიძლება მალე მოხდეს.

ტუსკმა პარტიებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ მზად ვართ, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა". – თქვა ტუსკმა. 

იმავე დღეს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ორდღიანი კონსულტაციები დაიწყო საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. პირველ რიგში, დუდა შეხვდა კონსერვატიული კანონი და სამართლიანობას წევრებს, მათ შორის, ქვეყნის პრემიერმინისტრს, მატეუშ მორავიეცკის, თუმცა, შეხვედრაზე არ იყო პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი.

პრეზიდენტი შემდეგ შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც პარლამენტის ქვედა პალატაში, სეიმში, ჯამში, 460-დან 248 ადგილი დაიკავეს და კიდევ უფრო დიდი თანაფარდობით მოიგეს ზედა პალატის, სენატის ადგილები.

თუმცა, ახალი მთავრობის ფორმირების ზუსტი დრო დამოკიდებულია დუდაზე. პრეზიდენტი ვალდებულია არჩევნებიდან არაუგვიანეს 30 დღეში ახალი პარლამენტის სხდომა მოიწვიოს. ასევე, პრეზიდენტმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს უნდა დაავალოს სამთავრობო კაბინეტის ფორმირება, რომელსაც კენჭს უყრიან ქვედა პალატაში.

იმ შემთხვევაში, თუ დუდამ პარლამენტის მოწვევის ვადა ბოლომდე გამოიყენა, ხოლო შემდეგ, ჯერ პარტია კანონი და სამართლიანობას დაავალა მთავრობის ფორმირება, ეს პროცესი შესაძლოა დეკემბრამდე გაიწელოს.

ტუსკის თქმით, ოპოზიციური პარტიები უკვე შეთანხმებული არიან კოალიციაზე და არსებობს თანხმობა პრემიერმინისტრობის კანდიდატზე, შესაბამისად, ამან დუდას საქმე უნდა გაუადვილოს. "იმედს ვამყარებ პრეზიდენტთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე და მისი მხრიდან სწრაფ გადაწყვეტილებებზე". – თქვა ტუსკმა დუდასთან შეხვედრის წინ.

 

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 16 ოქტომბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულმა მმართველმა პარტიამ კანონი და სამართლიანობა ხმების 35.4% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამოქალაქო კოალიციამ 30.7%, მესამე ძალამ - 14.4%, ახალმა მემარცხენეებმა - 8.6%ხოლო კონფედერაციამ - 7.2%.

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კანონი და სამართლიანობა პარლამენტის ქვედა პალატაში 194 მანდატს მიიღებს, სამოქალაქო კოალიცია 157-ს, მესამე გზა 65-ს, ახალი მემარცხენეები 26-ს, კონფედერაცია კი 18-ს.

შედეგები ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად იაროსლავ კაჩინსკის პარტიას სეიმში უმრავლესობის შესაქმნელად მანდატები არც დამოუკიდებლად და არც ულტრამემარჯვენე კონფედერაციასთან კოალიციით არ ეყოფა.

წინასაარჩევნოდ დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიცია, ცენტრისტული მესამე გზა და ახალი მემარცხენეები საჭირო რაოდენობის მანდატების დაგროვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. არჩევნების შედეგად ზემოხსენებულმა გაერთიანებებმა ჯამში 248 მანდატი მოიპოვეს, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისია.

ამავდროულად, ოპოზიციურმა ძალებმა უმრავლესობის მოპოვება შეძლეს პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატაშიც. სენატში მათ ჯამში 66 მანდატი მოიპოვეს, კაჩინსკის პარტიამ კი - 34.

კომენტარები