რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ATACMS-ები უკვე უკრაინაშია – გონჩარენკოს თქმით, აეროდრომებზე იერიშები ATACMS-ებით მიიტანეს

მარცხნივ - ATACMS-ის რაკეტა, მარჯვნივ - ATACMS-ის რაკეტის კასეტური საბრძოლო მასალა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ამერიკული ATACMS-ის რაკეტები უკვე უკრაინაშია და მათი მეშვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს.

"ATACMS-ები უკვე ჩვენთანაა. ბერდიანსკის აეროდრომზე მტრის ტექნიკას მათი მეშვეობით დაარტყეს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს! რუსები უკვე ფოტოებს აქვეყნებენ". – წერს გონჩარენკო.

აქამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს. უკრაინის გენშტაბში დააზუსტეს, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა მოწინააღმდეგის ორი ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საარტილერიო დანადგარები.

ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერდნენ, რომ იერიშისთვის უკრაინელებმა ATACMS-ის კასეტური რაკეტები გამოიყენეს. ამ ტიპის საბრძოლო მასალა 200-300 მცირე ზომის ბომბს შეიცავს. ATACMS-ის რაკეტების რადიუსი 300 კილომეტრს აღწევს. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ფოტოებში ჩანდა ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მცირე ზომის ბომბები.

ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ში უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები