ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა და საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი ხვდებიან ბარზილაის სამედიცინო ცენტრის დირექტორს პროფესორ ჩეზი ლევის ისარელში, აშკელონში. 
Times of Israel

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდა. Times of Israel-ის ცნობით კოლონა ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში დიპლომატები საფრანგეთის იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მათ შორის, საბინ ტასას, რომლის ქმარი და ვაჟი თავდასხმას ემსხვერპლა. კოლონას თქმით, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შედეგად, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა. 

კოლონამ ასევე დააანონსა, რომ საფრანგეთი ისრაელს გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელ სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის.  

ისრაელში ყოფნის პერიოდში კოლონა თელ-ავივში ქვეყნის ოფიციალურ პირებს, ხოლო იერუსალიმში რელიგიურ ლიდერებსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

"აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა გადაიტანეს. ჩემი ვიზიტით გვინდა გამოვხატოთ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს". - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები