ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ საზღვაო ფლოტს ისრაელში შესაძლო განთავსებისთვის ამზადებს – CNN

აშშ-ს 26-ე საზღვაო დანაყოფი
U.S. Navy/AP/FILE

CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ სწრაფი რეაგირებისთვის ისრაელში შესაძლო განთავსებისთვის საზღვაო ფლოტს ამზადებს

გამოცემა წერს, რომ 26-ე საზღვაო საექსპედიციო დანაყოფი, რომელსაც შეუძლია სპეციალური ოპერაციების ჩატარება, ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ საზღვაო ძალების ისრაელში განთავსების გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ამავე ინფორმაციით, დანაყოფი შედგება 2 000-ზე მეტი საზღვაო ქვეითისა და მეზღვაურისგან. CNN-ი ასევე აღნიშნავს, რომ საზღვაო საექსპედიციო ჯგუფის მთავარ ამოცანებს შორის საევაკუაციო ოპერაციები და ჰუმანიტარული დახმარებაა.

როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, ისრაელში განთავსების ბრძანება დანაყოფისთვის ჯერ არ მიუციათ. თუმცა, აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში არაერთხელ თქვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში პენტაგონს რეგიონში დამატებითი ძალების სწრაფად გაგზავნა შეეძლება. 

ამასთან, როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კვირის დასაწყისში თქვა, USS Gerald R. Ford-ის ავიამზიდი, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი ისრაელის მიმართულებით უკვე მიდიან. გაგზავნილია ავიაგამანადგურებლებიც.

ჰამასი აშშ-ს მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის, რამდენიმე სარაკეტო კრეისერისა და გამანადგურებლის გაგზავნის მიზეზით აშშ-ს მიერ "პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიაში" მონაწილეობის მიღებაში ადანაშაულებს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები