ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პროკრემლისტური პარტია "აყვავებული სომხეთი" ვერ ლახავს 4%-იან საარჩევნო ბარიერს და ხმების 3.996%-ს იღებს.
განახლებული წინასწარი შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმათა 49.825%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.281%-ით, მესამე ადგილს კი საარჩევნო ბლოკი "სომხეთის ალიანსი" იკავებს, ხმების 9.934%-ით.
შედეგად, მმართველი პარტია "სტაბილურ" საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს, თუმცა, ვერ მოიპოვებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ორ-მესამედიან სუპერუმრავლესობას.
არჩევნებში გამარჯვების გამოცხადებისას პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი პარტიის პრიორიტეტია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სომხეთში "კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა" სრულად დაიშალოს. მანვე დაამატა, რომ "სამოქალაქო კონტრაქტი" მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს.
ფაშინიანის თქმით, მისი მთავრობა დასავლეთთან დაახლოების გზას განაგრძობს, თუმცა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას არ შეწყვეტს და რუსეთთან ურთიერთობას განავითარებს.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 59% იყო, რაც თითქმის 10 პროცენტული პუნქტით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს, როცა არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო. სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობის უმაღლესი მაჩვენებელი 2012 წელს იყო, როცა არჩევნებზე მოსახლეობის 61.8% მივიდა.




