ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: ჩვენ ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ ჰამასს, ეს მხოლოდ დასაწყისია

ბენიამინ ნეთანიაჰუ
www.today.com

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოსახლეობისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ ისრაელს ჰამასზე იერიშები მიაქვს, მაგრამ, მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.

"ჩვენ ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ ჰამასს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს ყველამ იცის, რომ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ვიბრძვით ლომებივით". - თქვა მან.

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა ოჯახებს, რომლებმაც ჰამასის ტერორისტული თავდასხმის გამო ახლობლები დაკარგეს.

"ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება". - თქვა ნეთანიაჰუმ.

აქამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) აღნიშნეს, რომ ქვეითი ძალები და ტანკები დღეს ღაზის სექტორში შევიდნენ. მათივე თქმით, ისინი "ლოკალური რეიდის" ჩატარებას და ტერიტორიის პოტენციური ტერორისტებისგან გაწმენდას აპირებდნენ. 

IDF-მ ასევე აღნიშნა, რომ სამხედროებმა შეაგროვეს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა დაკარგული და გატაცებული ადამიანების პოვნაში დაეხმაროთ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ამ რაიონში რამდენიმე ტერორისტი მოკლა.

მოგვიანებით, IDF-მ ასევე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ "ფართომასშტაბიანი" საჰაერო იერიშები მიაქვთ

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები