ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF ამბობს, რომ ქვეითი ძალებით და ტანკებით დღეს ღაზის სექტორში შევიდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ქვეითი ძალები და ტანკები დღეს ღაზის სექტორში შევიდნენ. მათივე თქმით, ისინი "ლოკალური რეიდის" ჩატარებას და ტერიტორიის პოტენციური ტერორისტებისგან გაწმენდას აპირებდნენ. 

IDF-მ ასევე აღნიშნა, რომ სამხედროებმა შეაგროვეს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა დაკარგული და გატაცებული ადამიანების პოვნაში დაეხმაროთ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ამ რაიონში რამდენიმე ტერორისტი მოკლა. მათივე თქმით, ისრაელელი სამხედროები ღაზის ტერიტორიის სიღრმეში არ შესულან. 

ამასთან, IDF-ის წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის თქმით, ღაზის ტერიტორიაზე ისრაელის ჯავშანტექნიკამ და ქვეითმა ჯარებმა ჩაატარეს ჩხრეკა და "შეაჩერეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო რაზმები, რომლებიც აპირებდნენ ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას".

ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, ჰამასს მძევლად დაახლოებით 150-200 ადამიანი ჰყავს აყვანილი. IDF-მ 120 მძევლის ოჯახს აცნობა, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები